თბილისი (GBC) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, სააფთიაქო ქსელების გეოგრაფიული განაწილების საკითხზე შესაძლო რეგულაციების დაწესება დააანონსა. მინისტრის განმარტებით, აფთიაქების გვერდიგვერდ, „მწკრივში“ განლაგება უარყოფით გავლენას ახდენს მედიკამენტების ფასსა და სექტორის ხარჯებზე.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და იაპონია, კონკურენტი აფთიაქების ერთ სივრცეში თავმოყრა არ ხდება. სარჯველაძის თქმით, საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკა, სადაც რამდენიმე აფთიაქი ერთმანეთის გვერდითაა განთავსებული, სექტორის ხარჯებს ზრდის.
„თუ დაელაპარაკებით სექტორის წარმომადგენლებს, შეიძლება გითხრან, რომ ეს გავლენას 10-15%-ით ახდენს, მაგრამ რომ ახდენს გავლენას ხარჯებზე, ამაზე 100%-ით შემიძლია გესაუბროთ“, - განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, დაუწესდებათ თუ არა სააფთიაქო ქსელებს რაოდენობრივი ან ტერიტორიული შეზღუდვები, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ შესაძლებელია შემუშავდეს სპეციალური ალგორითმი, რომელიც აფთიაქების კონკრეტულ ტერიტორიაზე ოპტიმალურ განაწილებას უზრუნველყოფს.
ამასთან, მინისტრმა გამორიცხა პრინციპი „ერთი უბანი - ერთი აფთიაქი“ და ხაზი გაუსვა, რომ რეგულაციის ფორმებსა და მის პოტენციურ შედეგებზე სიღრმისეული მსჯელობაა საჭირო.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე საკითხთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა თემა აუცილებლად იმსახურებს ყურადღებას და მსჯელობას.
„აპრიორი, რომ ამაზე არ უნდა ვიმსჯელოთ, საკითხი ასე არ დგას. სამედიცინო სექტორში მსგავსი რეგულირება ნორმალურია, თუმცა დაფიქრება გვმართებს, რა შედეგის მოტანა შეუძლია ამას“, - დასძინა სარჯველაძემ.