თბილისი (GBC) – აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადებულ 9.5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში შპს „Construction Service“ უკონკურენტოა.

ტენდერში წინადადებების მიღება 3 მაისს დასრულდა და ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

ტენდერი გულისხმობს, შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ზიპლაინის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულებას. გამარჯვების შემთხვევაში შპს Construction Service სამუშაოებს 8.4 მლნ ლარად შეასრულებს.

ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს უკანასკნელ 6 წელიწადში უნდა ჰქონდეს:

  • 50 მეტრი ან/და მეტი სიმაღლის მქონე ლითონის ნაგებობ(ებ)ის სამშენებლო სამუშაოები;
  • ან/და ისეთი ნაგებობის მშენებლობა, რომლის ლითონის მალის ან/და ლითონის ფერმის ან/და ლითონის სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე 24 მეტრზე მეტია;
  • ან/და ფუნიკულიორის სამშენებლო სამუშაოები;
  • ან/და არანაკლებ 1 კმ. სიგრძის 154 კვ.-დან 330 კვ.-მდე და მეტი ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზების სამშენებლო სამუშაოები;
  • ან/და არანაკლებ 1000 მეტრი სიგრძის ზიპლაინის სამშენებლო სამუშაოები.

შპს Construction Service დარეგისტრირებულია 2012 წელს. კომპანიის მფლობელები არია:

გიორგი გაბუნია 55%; (გიორგი გაბუნია, ქართული ოცნების შემომწირველია. მან ქართულ ოცნებას 2016 წელს 59,000 ლარი შესწირა).

თამაზ ცვარიანი 5%;

შპს „ქისთოუნ ქონსთრაქშენ“ - 40%; - ამ კომპანიის მფლობელები კი არიან:

გიორგი პერტაია - 12.5%; (ბანკი ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრია).

გივი კუბლაშვილი - 12.5% -  (თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი) - გივი კუბლაშვილმა მმართველ პარტიას 2020 წელს 60,000 ლარი შესწირა.

მიხეილ ზიბზიბაძე - 75%.