თბილისი (GBC) – აშშ–ის დახლებზე iPhone 16 და iPhone 16 Plus 20 სექტემბრიდან გამოჩნდება, მათი ფასი კი შესაბამისად, $799 და $899 იქნება. საქართველოში Apple-ის ახალი პროდუქტის გაყიდვა 27 სექტემბრიდან დაიწყება. ქართველი იმპორტიორები ჯერ არ ამხელენ, რა ეღირება Apple-ის ახალი პროდუქცია. მათ შორის, როგორც ალტას წარმომადგენელმა GBC-ის განუცხადა, მათთვის "აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ცნობილი არ არის".
ამერიკულმა კორპორაციამ Apple პრეზენტაციაზე „It’s Glowtime“ ოფიციალურად ახალი სმარტფონები iPhone 16 და iPhone 16 Plus გუშინ, 9 სექტემბერს წარადგინა. მოწყობილობა ახალი უნივერსალური ღილაკით და ხელოვნური ინტელექტის უამრავი ფუნქციითაა აღჭურვილი.
სმარტფონებში უახლესო პროცესორი A18 ჩააშენეს, რომელიც 30%–ით უფრო სწრაფი და ენერგოეფექტურია წინა მოდელთან შედარებით. iPhone 16–ის დისპლეის დიაგონალი 6,1 დუიმია, ხოლო iPhone 16 Plus–ის – 6,7 დუიმი.
მოწყობილობას Apple Intelligence–ის მთელი რიგი ფუნქციები გააჩნია, მათ შორის გენერაციისა და გამოსახულების რედაქტირების ინსტრუმენტი, გაუმჯობესებული ხმოვანი ასისტენტი Siri, ასევე შეუძლია ზარების ჩაწერა და გაშიფვრა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესაძლებელია წერილის დაწერა, ან უკვე არსებული წერილის რედაქტირება. ტექსტური აღწერით შეიძლება მედიათეკაში ფოტოკადრის მოძებნა.
ასევე აღწერით შეუძლია ახალი ემოჯების შექმნა – მათ Genmoji ეწოდება. ელექტრონულ ფოსტაში შეგიძლიათ იხილოთ ვრცელი შეტყობინების მოკლე აღწერა.
ორივე სმარტფონი 48 მეგაპიქსელიანი კამერებით იქნება აღჭურვილი, რომლებიც მოწყობილობის უკანა მხარეს არა დიაგონალურად, არამედ ვერტიკალურად არის განლაგებული. ასევე გამოჩნდა ახალი უნივერსალური ღილაკი Action Button, რომელიც დაჭერის ძალაზეა მგრძნობიარე და მსუბუქი დაჭერისას კამერა ფოკუსს ასწორებს, ხოლო ძლიერი დაჭერით ხდება კადრის გადაღება.