თბილისი (GBC) – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების - შპს ,,რუსთავის ავტობაზრობის"  და შპს ,,მიკადო ჯორჯიას" მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიმართებით საქმის მოკვლევა მიმდინარეობს.

საკითხი ეხება ქალაქ რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას.

საქმის მოკვლევის პროცესში, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით, მოპასუხე ეკონომიკური აგენტებისგან GCCA-მ შესაბამისი დოკუმენტაცია გამოითხოვა. აღნიშნულმა კომპანიებმა, GCCA-ის წერილის ჩაბარების მიუხედავად, განსაზღვრულ ვადაში, გამოთხოვილი დოკუმენტაცია არ წარმოადგინეს, ხოლო ვადის დარღვევის შემდგომ, სააგენტოს არასრული სახით მიაწოდეს. რის გამოც ეკონომიკურ აგენტებს - შპს ,,რუსთავის ავტობაზრობასა" და შპს ,,მიკადო ჯორჯიას" ცალ-ცალკე დაეკისრათ ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფორმაციის მოწოდებისთვის, ამავე კომპანიებს, სააგენტომ ხელახლა განუსაზღვრა ვადა ინფორმაციის სრულად მოწოდების მიზნით, რაც კვლავ არასრული სახით იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, ინფორმაციის განმეორებით მოუწოდებლობის საფუძვლით, ეკონომიკურ აგენტებს ცალ-ცალკე განმეორებით დაეკისრათ ჯარიმა - 5 000 ლარის ოდენობით.

ინფორმაციისთვის: 2024 წელს, დასრულდა 2 მოკვლევის საქმე და 4 მიმდინარე რეჟიმშია. საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, 9 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.