თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2028 წლის 1-ელი მაისიდან გადასახადის გადამხდელები ვალდებული იქნებიან მომხმარებელთან ანგარიშსწორებისას სპეციალური საკონტროლო-სალარო აპარატები და ელექტრონული კომერციის ტერმინალები გამოიყენონ, რომლებიც ერთიანი სისტემის ფარგლებში იმუშავებს.
საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები და ინიციატორები პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, ზურაბ რურუა, გიორგი ბარვენაშვილი და ლევან მაჭავარიანი არიან.
ახალი რეგულაციების თანახმად, გარდამავალი პერიოდი 2027 წლიდან დაიწყება, როდესაც საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციას მხოლოდ ახალი სტანრდარტის საკონტროლო-სალარო ტექნიკა დაექვემდებარება. ამასთან, ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, 2028 წლის 1-ელ მაისამდე შეუფერხებლად გამოიყენოს უკვე რეგისტრირებული ძველი სალარო აპარატები და ტერმინალები.
კანონის მიხედვით, გადასახადის გადამხდელების ახალი ტექნიკით უზრუნველყოფას, ისევე როგორც მათ შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას, ბაზარზე მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული ერთი ოპერატორი განახორციელებს. აღნიშნული სერვისის საფასურის ოდენობასა და გადახდის კონკრეტულ წესს მთავრობა დამატებით განსაზღვრავს.
საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი ნაწილი უკვე ამოქმედდა, თუმცა ახალი სისტემის სავალდებულო მოთხოვნები ძალაში ეტაპობრივად, 2027 და 2028 წლებში შევა.
ამასთან, მკაცრდება სანქციებიც - მომხმარებელთან ანგარიშსწორებისას სალარო აპარატის გარეშე მუშაობა ან მისი გამოუყენებლობა ბიზნესსუბიექტების 200-ლარიან დაჯარიმებას გამოიწვევს.