თბილისი (GBC) – თბილისი-სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-17 – 28- კმ მონაკვეთის (თბილისი-ნატახტრის გზა) მშენებლობის ტექნიკური დოკუმენტაციის და საპროექტო მომსახურების 12 მილიონიან ტენდერს კანდიდატი ჰყავს.

ტენდერში წინადადებებიის მიღება 18 აგვისტოს დასრულდა და სტატუსით შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. კომპანია „სმექ ინთერნეიშენალ ფითიუაი ლიმითედის ფილიალი საქართველოში“ ერთადერთი კანდიდატია და გამარჯვების შემთხვევაში სამუშაოს 39%-ით დაბალ ფასში, 7.3 მლნ ლარად შეასრულებს.

ამ დავალების ძირითადი მიზანია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ17-კმ28 მონაკვეთის (თბილისი-ნატახტარი) მოდერნიზაცია-მშენებლობისთვის, ტექნიკური, გარემოს დაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ანალიზის სრულფასოვანი შეფასების საფუძველზე.

დეტალური ტექნიკური დავალება იხილეთ ბმულზე.

„სმექ ინთერნეიშენალ ფითიუაი ლიმითედ“ - ავსტრალიური კომპანიაა და საქართველოში 2017 წელსაა დაფუძნებული. საქართველოს ფილიალის დირექტორი ავსტრალიის მოქალაქე კავა ბაჰაა.

ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიას 1 გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული, რომლის საერთო ღირებულება 7 მლნ ლარია.

შეგახსენებთ,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის,  სტეფანწმინდა - გველეთის საავტომობილო მონაკვეთის მშენებლობისათვის 245.9 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყო და 18 აგვისტოს 14:00 საათზე დასრულდა.

ტენდერში 5 კომპანია მონაწილეობს და ხუთივე კომპანია ჩინურია.