თბილისი (GBC) - საოპერაციო შესაძლებლობებისა და პროცესების გაუმჯობესების მიზნით, APM Terminals-მა ფოთის პორტის მიმდებარედ ახალი საკონტეინერო ეზო, 5.4 ჰა მიწა შეისყიდა. ინვესტიციის მიზანი ნავსადგურში გემის დაყოვნების დროის შემცირებაა.
APM Terminals - ს ფოთი მთავარი გამტარია საქართველოსა და კავკასიის რეგიონისთვის. მისი, როგორც ჰაბის, მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რომლებიც ლოგისტიკური მარშრუტების დივერსიფიკაციას ცდილობენ.
როგორც GBC-ს კომპანიაში განუცხადეს, APM Terminals-ს ემატება ახალი საკონტეინერო სივრცე და 50 000 TEU წლიური გამტარუნარიანობა, რომლის შედეგადაც, კომპანიის ჯამური გამტარუნარიანობა 600,000 TEU-მდე გაიზრდება.
„კომპანიის საოპერაციო გუნდი უკვე წარმატებით ახორციელებს ოპერაციების ოპტიმიზაციას და პორტში დაყოვნების დროის შემცირებას. ამისთვის უკვე შემუშავებულია წინასწარი დასაწყობების პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც საკონტეინერო გემებისთვის კონტეინერები პორტის გარეთ არსებული ტერმინალებიდან წინასწარ შემოდის და ადგილზე ინახება. ამ გზით, კომპანია ცდილობს შეინარჩუნოს ოპერაციების მაღალი ეფექტიანობა და ამავდროულად გაზარდოს პორტის კონკურენტუნარიანობა შავი ზღვის რეგიონში“, - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე თქმით, დამატებითი სივრცე საშუალებას იძლევა გაფართოვდეს წინასწარი დასაწყობების შესაძლებლობები. ამასთანავე, გაზრდილი სასაწყობო სივრცე შესაძლებელს ხდის ისეთი საპროექტო ტვირთების შემოტანას, რომელთა მიღება აქამდე, შეზღუდული ინფრასტრუქტურისა თუ სივრცის გამო, საქართველოში ვერ ხერხდებოდა.
APM Terminals-ი გეგმავს, რომ გაზრდილი შესაძლებლობები გამოიყენოს სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან დამატებითი ტვირთის მოსაზიდად, რაც მათივე თქმით, ხაზს უსვამს გუნდის ერთგულებას საქართველოს, როგორც რეგიონის მნიშვნელოვანი და მზარდი სატრანსპორტო ჰაბის განვითარებისადმი.