თბილისი (GBC) – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სასწავლო ცენტრში წყალმომარაგებისა და წყალარინების დარგში პროფესიული პროგრამები ამოქმედდა. პროგრამები მიზნად ისახავს წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში მოქმედი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალი სპეციალისტების მომზადებას.

სწავლება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩატარდება. კურსს საერთაშორისო სტანდარტების მცოდნე დარგის წამყვანი სპეციალისტები გაუძღვებიან.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, წყალმომარაგებისა და წყალარინების დარგში საქართველოში პირველი აკრედიტებული პროფესიული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ, რომელიც მათ მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციასა და კონკურენტუნარიანობას დაადასტურებს.

ჯივიპის მრავალწლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძველზე შემუშავდა ორი ძირითადი სასწავლო პროგრამა: წყალმომარაგების ქსელების ექსპლუატაცია და რემონტი და წყალარინების ქსელების ექსპლუატაცია და რემონტი.

პროგრამები ყოველწლიურად 70-ზე მეტ მონაწილეზეა გათვლილი და მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური, სანდო და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადებას.

პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სექტორის პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესებასა და დარგის სტაბილურ განვითარებაში, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის წყალმომარაგებისა და ინფრასტრუქტურული მდგრადობის უზრუნველსაყოფად.