თბილისი (GBC) – ევროპულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Wizz Air ხუთშაბათს ბოლო ექვს თვეში მეორედ შეამცირა წლიური შემოსავლის პროგნოზი, გაზრდილი ხარჯების გამო, რაც ძრავებში გამოვლენილი პრობლემების გამო თვითმფრინავების გაჩერებით არის განპირობებული. ამის შესახებ სააგენტო REUTERS წერს,
Wizz Air–ის ანგარიშის თანახმად, კომპანიის კვარტალურმა საოპერაციო ზარალმა 75,9 მლნ ევრო შეადგინა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის საოპერაციო ზარალი 180,4 მლნ ევროს შეადგენდა.
LSEG–ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები კომპანიისგან 10,6 მლნ ევროს მოცულობის საოპერაციო მოგებას ელოდნენ.
ავიაკომპანიაში საფინანსო წელს, რომელიც მარტში მთავრდება, 250–300 მლნ ევროს მოგებას ელოდებიან, ნაცვლად წინა პროგნოზისა, როდესაც 350–450 მლნ ევროს მოგებას ელოდნენ.
ლონდონის ბირჟაზე ხუთშაბათის ვაჭრობაზე Wizz Air–ის აქციების ფასი 12,3%–ით არის გაიაფებული.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air–ს ოთხი ბაზირებული საჰაერო ხომალდი ჰყავს, რომლებიც ათობით მიმართულებით ასრულებენ პირდაპირ საერთაშორისო რეისებს.