თბილისი (GBC) - 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად მომავალ კვირაში წარუდგენენ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი დაახლოებით 800 მილიონი ლარით არის გადაჭარბებული, კორექტირების შედეგად კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
როგორც კაკაურიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, ბიუჯეტის ჯამურ ზრდასთან ერთად, განხორციელდება ასიგნებების შიდა გადანაწილებაც.
„2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, ბიუჯეტი ჯამურად იზრდება. ამ გაზრდილ ბიუჯეტში იქნება გარკვეული გადანაწილებები, რომლებიც დიდ პროექტებს მოხმარდება - სადაც უფრო მაღალია ათვისება. ასევე, რიგ შემთხვევებში დაფინანსდება ისეთი პროექტები, რომლებიც 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით სრულყოფილად არ იყო უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მისივე განმარტებით, რიგი მიმართულებებით დამატებითი თანხების გამოყოფა გახდა საჭირო. ამასთან, იმ პროექტებიდან, სადაც ეკონომია ან აუთვისებლობა დაფიქსირდა, რესურსები მაღალი ათვისების მქონე პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ ინიციატივებზე გადამისამართდება.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტი
საქართველოს 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები 37.5 მლრდ ლარით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 37.56 მლრდ ლარით არის დაგეგმილი. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, შემოსულობები 32.17 მლრდ ლარს, ასიგნებები კი 32.07 მლრდ ლარს შეადგენს.
მთავრობა 2027 წელს ეკონომიკის 5%-იან ზრდას, ნომინალური მშპ-ის 126.4 მლრდ ლარამდე გაზრდასა და ინფლაციის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბრუნებას პროგნოზირებს. ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%, მთავრობის ვალი კი 31.6% იქნება.
