თბილისი (GBC) - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა, რომ "ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს ენერგეტიკის სფეროში, საქართველოში ტრანზიტის წყალობით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 11 ქვეყანას მიეწოდება, ექსპორტი მზარდია".

ილჰამ ალიევის თქმით, ეს ორივე ქვეყნის ინტერესებსა და მთელს რეგიონს ემსახურება.

„განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ის პროექტები, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ ნავთობის და ბუნებრივი აირის მიმართულებით. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოებას ბევრი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოში ტრანზიტის წყალობით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 11 ქვეყანას მიეწოდება, ექსპორტი მზარდია, 25 მლრდ კუბური მეტრი იყო გასულ წელს მისი მოცულობა და 10% ექსპორტიდან საქართველოს წილია. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მივიღე საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარებაზე, 80% ამ აირიდან აზერბაიჯანიდან მოდის.

ეს არის ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტი და განსაკუთრებული პროექტი. ეტაპობრივად, გეოგრაფია ჩვენი ბუნებრივი აირის ექსპორტის გაიზრდება, გაფართოვდება, როდესაც ახალი საბადოების ათვისება მოხდება მომდევნო წლებში. ახალი საბადოების აღმოჩენა მოხდება აზერბაიჯანში და ეტაპობრივად, ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ მწვანე ენერგიის პროექტზე ერთად და ესეც ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ პასუხისმგებლობიანი მთავრობები ვართ იმდენად, რამდენადაც არსებობს ამის აუცილებლობა, ამ ტიპის ენერგიის აუცილებლობა ბაზარზე და იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დღეს მივიღე, მწვანე ენერგიის პროექტი წარმატებით ხორციელდება და ბევრი სხვა პროექტის მსგავსად, ეს პროექტიც წარმატებული იქნება უდავოდ. ამის დიდი შანსი არსებობს", -  განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

კობახიძე აზერბაიჯანის დედაქალაქს დელეგაციასთან ერთად დღეს, 17 იანვარს ეწვია, რომლის შემადგენლობაში "ოცნების" მიერ დანიშნული პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, "ოცნების" მთავრობის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნული მაკა ბოჭორიშვილი, ასევე "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

მანამდე, 15 იანვარს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტი გაუუქმეს. ვიზიტი მასპინძელმა მხარემ გადადო.

კობახიძის ადმინისტრაციაში ვიზიტის გაუქმებას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ვიზიტი თვის ბოლოსაა და მისი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამასთან, საქართველო 2025 წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს – არ მიიწვიეს.

„კობახიძეს ამ დროისთვის მოსაწვევი არც ერთი ღონისძიებიდან არ მიუღია”, - აცხადებს „ოცნების” მთავრობის ადმინისტრაცია.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 20-24 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში ტარდება. მასში 60 სახელმწიფო მეთაური და 130 ქვეყანა მონაწილეობს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი წელს 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.