თბილისი (GBC) – საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდთან“, საზღვრის გადაკვეთას 1 030 სატვირთო ავტომობილი ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (AYNA) ავრცელებს.
აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტის ცნობით, სატვირთო ავტომობილების დაგროვების გამო აზერბაიჯანისა და საქართველოს საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელობებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიიღებენ აუცილებელ ზომებს სატვირთო ავტომობილების დაგროვების შესამცირებლად და საზღვრის გადაკვეთის პროცესის დასაჩქარებლად.
აზერბაიჯანის სხვა სასაზღვრო პუნქტებთან მდგომარეობა შედარებით ნაკლებად დატვირთულია: აზერბაიჯან-რუსეთის საზღვარზე, „სამურის“ საბაჟო პუნქტთან, რიგში 47 სატვირთო მანქანაა, ხოლო აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე, „ასტარის“ პუნქტთან – 37. „მაზიმგარის“ საბაჟო პუნქტთან სატვირთო ავტომობილების რიგი არ ფიქსირდება.
