თბილისი (GBC) – ყაზახური კომპანია „თენგიზშევროილი“ 2026 წლის აგვისტოში საქართველოში ტრანზიტით 100 ათასი ტონა ნავთობის ექსპორტს განახორციელებს.

სატრანსპორტო დერეფნების კვლევითი ცენტრის მონაცემებით, ნავთობის გადაზიდვა ხორციელდება „საქართველოს რკინიგზისა“ და „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მეშვეობით.

აღნიშნული მოცულობა 5-ჯერ აღემატება ივლისში ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით გადაზიდულ 20 ათას ტონა ნავთობს.

კვლევითი ცენტრის შეფასებით, ყაზახური ნავთობის საქართველოს გავლით ტრანსპორტირება ქვეყნის სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურისთვის დამატებით შემოსავალს ქმნის. გარდაბნიდან ბათუმის ნავთობტერმინალამდე სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფი დაახლოებით $18.5-ს შეადგენს ერთ ტონაზე, ხოლო ტერმინალზე შენახვისა და ჩატვირთვის მომსახურება – $22.8-ს.

შესაბამისად, საქართველოს ინტეგრირებული სარკინიგზო-საპორტო სისტემის მეშვეობით თითოეულ ტონა ნავთობზე დაახლოებით $41.3-ის შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი.

ბათუმის ნავთობტერმინალში ჩატანილი ყაზახური ნავთობი საბოლოო დანიშნულების ადგილზე – თურქეთში იგზავნება.

სატრანსპორტო დერეფნების კვლევითი ცენტრის შეფასებით, ყაზახური ნავთობის საქართველოს მიმართულებით გადაზიდვების ზრდა ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს შეუქმნის.