თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის სექტემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,430 შეადგინა, რაც 14%-ით აჭარბებს 2023 წლის სექტემბრის მაჩვენებელს და 9%-ით მეტია გასული თვის მაჩვენებელზე. ეს ძირითადად გამოწვეულია დაბალი საბაზისო ეფექტით. 2024 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ტრანზაქციების კუმულაციური რაოდენობა მხოლოდ 1%-ით ჩამორჩება 2023 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

სექტემბერში გასაყიდი ფასი $1,244-ს გაუტოლდა, რაც წლიურ 6%-იან და თვიურ 1%-იან ზრდას შეადგენს. ბაზრის მოცულობამ $278 მილიონს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 23%-იანი ზრდაა (+11%თ/თ).

გასაქირავებელი ფასი $11.4-ს გაუტოლდა, რაც 2023 წლის იმავე თვესთან შედარებით 9%-ით ნაკლებია, ხოლო 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 1%-იანი კლება დაფიქსირდა.

2024 წლის სექტემბერში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 9.6%-ს გაუტოლდა(-1.6პ.პ,წ/წ და - 0.2პ.პ,თ/თ). 2024 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ნებართვა გაიცა 962 ათას კვადრატულ მეტრ საცხოვრებელი ფართობის მშენებლობაზე, რაც 9%-ით ჩამორჩება წინა წლის ამავე პერიოდს.

 ახალი vs ძველი ბინები

2024 წლის სექტემბერში 730 ახალი ბინა გაიყიდა, რაც30%-იანი წლიური და 17%-იანი თვიური ზრდაა. რაც შეეხება ძველ ბინებს, სულ განხორციელდა 2,700 ტრანზაქცია, რაც 11%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს (+8%თ/თ).

ახალი ბინების წილმა ჯამურ გაყიდვებში 21% შეადგინა. იმავე პერიოდში, საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 17%-ით, ხოლო თვიურად 2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, დაფიქსირდა 5%-იანი წლიური და 1%-იანი თვიური ზრდა.

2024 წლის სექტემბერში 50-დან 75კვ.მ-მდე ფართობის ბინები კვლავ უდიდეს წილს (43%) იკავებდნენ ჯამურად გაყიდულ ბინებიდან, რომელიც 1 პ.პ-ით აღემატება წინა თვეს. 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა კვლავ 4% შეინარჩუნა, რაც 1პ.პ-ით ნაკლებია 2023 წლის სექტემბერთან შედარებით.

სექტემბერში, მაღალი (>1,500$/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში კვლავ 23% შეადგინა (+5პპ,წ/წ).

თბილისის უბნები

2024 წლის სექტემბერში, დიდი დიღომი ინარჩუნებს თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის ყველაზე დიდ წილს და მთლიანი გაყიდვების 26%-იან წილს იკავებს, ხოლო რიგით მეორეზე ადგილზე საბურთალოა, 15%-იანი წილით.

ახალი ბინების გაყიდვებში წლიური ზრდა დიდუბეში, დიდ დიღომში, კრწანისში, სამგორსა და ჩუღურეთში დაფიქსირდა. დიდ დიღომში ყველაზე მეტი ახალი ბინა გაიყიდა. ძველი ბინების ტრანზაქციების რაოდენობის შემთხვევაშიც ლიდერი რაიონი დიდი დიღომია, რომელსაც საბურთალო მოსდევს.

2024 წლის სექტემბერში კვ.მ-ის საშუალო ფასი მთაწმინდასა და ვაკეში მცირედით ჩამორჩება $2000-ს. ახალი ბინების ფასი საგრძნობლად გაიზარდა ისანში, კრწანისსა და გლდანში. რაც შეეხება ძველი ბინების ფასს, ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დიდ დიღომსა და კრწანისში დაფიქსირდა.