თბილისი (GBC) -  თბილისში დიღმის ჭალების კეთილმოწყობის სტრატეგიისთვის მომზადებული რეკომენდაციების პირველი საჯარო განხილვა 11 აპრილს გაიმართება. საჯარო განხილვის  მთავარი საკითხი იქნება საერთაშორისო კომპანია SMEC-ის ექსპერტების პირველადი რეკომენდაციების მოსმენა და დისკუსია, თუ რა ტერიტორიის კეთილმოწყობაზეა საუბარი დიღმის ჭალებში, როგორი იქნება მისი ფუნქციური დატვირთვა და სტატუსი, როგორი იქნება მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რამხელა ფინანსებთან  და რისკებთან იქნება დაკავშირებული სტრატეგიის  განხორციელება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია დიღმის ჭალების ინიციატივა ავრცელებს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს შეხვედრა იქნება ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მოვლენა დიღმის ჭალების საქმეში, რომელიც 11 აპრილს, 9:30-დან 13:00 საათამდე, თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში  გაიმართება.

ღონისძიებას წარუძღვებიან საერთაშორისო კომპანია SMEC-ის უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები. შეხვედრის დამსწრეთა  შორის იქნებიან  თბილისის მერიისა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები, სხვადასხვა დარგის პროფესიონალთა წრე,  სამოქალაქო საზოგადოება და დაინტერესებული მოქალაქეები.

დიღმის ჭალები თბილისის ერთ-ერთი უდიდესი სარეკრეაციო ზონა და ერთადერთი შემორჩენილი ჭალის ტყეა, რომელიც 2020 წელს განხორციელებულმა მასშტაბურმა უკანონო კარიერულმა და სამეწარმეო საქმიანობამ და სამშენებლო ნარჩენების ინტენსიურმა განთავსებამ საგანგაშო მდგომარეობაში ჩააგდო. 

დიღმის ჭალების ინიციატივა ადგილობრივი თემია, რომელიც უკვე 4 წელია იბრძვის დიღმის ჭალის ტყის გადასარჩენად და აღსადგენად. ინიციატივის ძალისხმევით გაჩერდა უკანონო საქმიანობები დიღმის ჭალებში და მოხდა აზიის განვითარების ბანკის დაინტერესება და დონორად ჩართვა დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიის მომზადებაში. 

დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგია, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით და თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით, 2023 წლის ივნისიდან მუშავდება საერთაშორისო კომპანია SMEC-ის ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების მიერ. სტრატეგიის საბოლოო დოკუმენტი 2024 წლის ივნისში გამოქვეყნდება