მე მიყვარს ძაღლები და მყავს კიდეც. როგორც ბევრი სხვა თბილისელი, მეც, მაგალითად, გულაჩუყებული ვუყურებ, ზამთრის ცივ დღეებში როგორ დადიან თავის გადაუდებელ საქმეებზე ჭკვიანი ძაღლები ჩვენთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მკაცრი კონტროლიორებიც კი არ უმოწმებენ ბილეთებს.

მაგრამ, როგორც თბილისელს, ბოლო დროს კითხვა მებადება, მშვიდი ცხოვრებისთვის საკმარისია თუ არა მხოლოდ იმის ცოდნა, თუ რომელ დაწესებულებას უნდა მიმართო, თუ ქუჩაში მოხეტიალე ძაღლი დაგკბენს?

ძაღლების უფლებებს და პიროვნების თავისუფლებას უღრმეს პატივს ვცემ, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ ძაღლებმაც უნდა სცენ პატივი ჩემ უფლებებს. ჩემი და ძაღლების სივრცეებს შორის მანძილის კონტროლს რაც შეეხება, ამისთვის სახელმწიფო სტრუქტურები არსებობს.

როგორ ასრულებენ ამ ამოცანას და სრულყოფილია თუ არა ნორმატიული ბაზა, ამას ჩემ მაგალითზე მოგიყვებით.

საბურთალოზე, გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე, დიდ კომპლექსში ვცხოვრობ. მეზობლად, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე, ხილ–ბოსტნის დიდი მაღაზიაა, რომელსაც საიმედოდ იცავ აკიტას ჯიშის ორი დიდი ძაღლი. პატრონი ყოველდღე უშვებს ამ ძაღლებს უბანში სასეირნოდ. აკიტას ჯიშის ძაღლები საკმაოდ გონიერები არიან, თუმცა ჯერ კითხვა არ უსწავლიათ. ალბათ მხოლოდ ამიტომაც აიგნორირებენ ჩვენს კომპლექსზე გაკეთებულ წარწერას: „კერძო საკუთრება“. ჩვენ საკუთარ სკვერში ჭილაძის ქუჩიდან მოსული ძაღლები ადგილობრივ ოთხფეხა მეგობრებს უკვე სამჯერ დაესხნენ თავს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში დავრეკე. დაახლოებით დილის 11 საათი იყო. ოპერატორმა აგრესიული ძაღლების გაკონტროლება მთხოვა, სპეციალური ჯგუფის მოსვლამდე. ჩვენი დიალოგი დაახლოებით ასე წარიმართა:

– უკაცრავად, როგორ უნდა გავაკონტროლო მე ეს ორი აშკარად მტრულად განწყობილი დიდი ძაღლი?

– ყურადღება მიაქციეთ, რომ არსად წავიდნენ, ვიდრე ჩვენი ჯგუფი არ მოვა.

– და როდის მოვა თქვენი ჯგუფი და რა ვქნა, თუ ეს ძაღლები ჩემდამი პატივისცემას არ გამოიჩენენ და გადაწყვეტენ ტერიტორიის დატოვებას?

– ძალიან ბევრი გამოძახება გვაქვს, დაგველოდეთ.

– იქნებ ფოტო და ვიდეო გამოგიგზავნოთ და ეს მასალა მის პატრონთან კომუნიკაციისას გამოიყენოთ?

– ჩვენ არ გვაქვს თქვენი ვიდეოს და ფოტოს გამოყენების უფლება, მხოლოდ ჩვენი გადაღებული უნდა იყოს.

– აბა რა ვქნა?

– მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ!

57 წლის ვარ და მთელი ცხოვრება ვცდილობ, ვიყო პასუხისმგებლობიანი და კანონმორჩილი ადამიანი. მაგრამ ამ შემთხვევაში ვუღალატე ჩემ პრინციპებს – არ დავუჯერე ოპერატორს და საქმეებზე წავედი.

საღამოს 6 საათი იქნებოდა, დამირეკეს. მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელმა დავითმა კმაყოფილებით და ამაყად მომახსენა, რომ ძაღლების პატრონი 8 (რვა!) ლარით დაჯარიმდა. ვკითხე, „რატომ ასე ცოტა, ჯარიმები ხომ ყველაფერზე გაიზარდა?“. დავითმა მიპასუხა, რომ შემოწმების მომენტში ძაღლები აგრესიულები არ იყვნენ და ჯარიმა მხოლოდ იმიტომ გამოწერეს, რომ ძაღლები არ იყვნენ დაჩიპული. „ჩვენ სხვას ვერაფერს ვიზამთ“, – აღიარა დავითმა სააგენტოდან.

მეორე დილას ორივე აკიტა ისევ დაუპატიჟებლად მოვიდა საცხოვრებელი კომპლექსის სკვერში. შეიძლება ჩემთან უნდოდათ საქმის გარჩევა. მაგრამ მე არ გავრისკე მათთან გასაუბრება და დაუყოვნებლივ, მშიშარას ნაბიჯებით ავედით სახლში მე და ჩემი პატარა ძაღლი.

ისევ ზარი სააგენტოში. ოპერატორმა შემახსენა, რომ გუშინ ჩემ მიერ მითითებულ მისამართზე გამოსული იყო ჯგუფი და მე თურმე მადლობელი უნდა ვიყო ამით და მეტად აღარ შევაწუხო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჯგუფები.

– კი, მაგრამ ძაღლები ისევ აქ არიან!

– ჩვენი რეგულაციების თანახმად, თქვენ ჯგუფის ხელახლა გამოძახება მხოლოდ 10 დღის შემდეგ შეგიძლიათ.

– გასაგებია, მაგრამ თუ ამ ათ დღეში ძაღლებმა კიდევ ვინმე დაკბინეს?

– ათი დღე! გესმით, ათი დღე! მოქალაქეობრივი შეგნება გამოიჩინეთ!

განცხადების დასაწერად პოლიციაში წავედი. პოლიციელებს ისიც მოვუყევი, რომ ჩვენ კომპლექსთან ხშირად მოდის კაცი 4(!) დიდი აგრესიული ქუჩის ძაღლით. მისმა მეზობლებმა თქვეს, რომ ეს კაცი ადამიანებით იმედგაცრუებულია და მათზე შურისძიება უნდა. როგორ ცდილობს შურისძიებას? – სისტემატურად აყირავებს ქუჩაში დადგმულ ნაგვის ურნებს, მის მიერ გამოკვებილი ძაღლები კი ქუჩაში გამვლელებზე და სკუტერებით მოძრავ კურიერებზე იწევენ.

ჩვენ რაიონში ძალიან საყვარელი და მზრუნველი მართლწესრიგის ოფიცერი მუშაობს, სახელად სალომე. იგი სრულიად გაგებით მოეკიდა ჩემ (და არა მხოლოდ ჩემ) პრობლემას. რამდენიმე დღის შემდეგ სალომემ მითხრა, რომ პოლიციელებმა „შურისმაძიებელ“ კაცს ორჯერ სთხოვეს, უმსგავსოდ აღარ მოქცეულიყო. არსებული რეგულაციების თანახმად, ეს მაქსიმუმია: პოლიციელებმა გასაუბრება ჩაატარეს. და მორჩა. მაგრამ... უმსგავსობა გრძელდება.  შედეგად, დიდი კომპლექსის მცხოვრებლებს სახლში შესვლა ნაგვის ხროვებში გზის გაკვლევით და ძაღლების შიშით გვიწევს.

მიუხედავად ჩემი პოლიტიკური შეხედულებებისა, ხელისუფლებას ხშირად ვაკრიტიკებ. დღევანდელი ამომრჩეველი ხომ უფრო მომთხოვნია. როგორც მოქალაქეს მე, გულწრფელად გეტყვით, ყველაზე მეტად მაღელვებს, დროულად გაიტანენ თუ არა ნაგავს, კიდევ ხომ არ დაწყდება წყალი, ყველა არამზადა დაიჭირა თუ არა პოლიციამ, დროულად დაასრულებენ თუ არა ასფალტის დაგებას და ერთ თვეში რატომ ხდება გზის საფარი თავიდან დასაგები, რატომ დაქრიან ტროტუარებზე სკუტერებით კურიერები და ეჯახებიან ქვეითებს...

და აი ამ ჩამონათვალში ერთ–ერთი მთავარია „ძაღლების საკითხებზე“ მომუშავე ინსტიტუციების მიერ საკუთარი ვალდებულებების პირნათლად შესრულება.

 

მიხეილ ვიგნანსკი, ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE-ს უფროსი კორესპონდენტი სამხრეთ კავკასიაში – სპეციალურად GBC-სთვის.