თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის ენერგეტიკის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.4%-ით გაიზარდა და 6.9 ტვტ.სთ შეადგინა.
2025 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის მიწოდებამ 7.6 ტვტ.სთ შეადგინა. აქედან 6.6 ტვტ.სთ ადგილობრივი გენერაცია (- 9.7% წ/წ), ხოლო 1.0 ტვტ.სთ (+13.0% წ/წ) იმპორტი იყო. ამასთან, ადგილობრივი წყაროებიდან დაიკლო, როგორც ჰესების, ისე თბოსადგურების გამომუშავებამ.
თბოსადგურსა და იმპორტს შორის არჩევანი ფასის მიხედვით გაკეთდა.
გალთ & თაგარტის მიხედვით, 2025 წელს ექსპორტის სეზონი, ტრადიციულად მაისში დაიწყო. ბოლო 2 წელი ექსპორტი აპრილიდან ხდებოდა, რაც გამოწვეული იყო თურქეთში მაღალი ფასებით, თბოგენერაციის ზრდით და დაკლებული მოხმარებით.
2025 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის მოცულობა შემცირდა 0.4 ტვტ.სთ-მდე (-41.4% წ/წ), ხოლო საშუალო საექსპორტო ფასი კვტ.სთ-ზე 4.3 აშშ ცენტამდე (-4.0% წ/წ). შედეგად ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები თითქმის განახევრდა (-43.8% წ/წ) და $19.2 მლნ შეადგინა.
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველო კვლავ ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორი იყო, როგორც რაოდენობაში, ასევე ღირებულებაში. 2025 წელის პირველ ნახევარში წმინდა იმპორტმა $6.1 მლნ და 0.5 ტვტ. სთ შეადგინა.
"საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი წლიურად 3.4%-ით გაიზარდა და 5.8 აშშ ცენტი შეადგინა. საბალანსო ელექტროენერგიის ფორმირებაში ყველაზე მაღალი წილი კვლავ PPA-იან სადგურებს უჭირავთ. დღით ადრე ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა კვლავ მინიმალური იყო, თუმცა წინა პერიოდებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა", - ვკითხულობთ გალტ & თაგარტის პუბლიკაციაში.