თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.8 მილიონი შემოსვლა, რაც 6.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.2%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.6 მილიონი შეადგინა, რაც 7%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2025 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.4 მილიონს მიაღწია, რაც 8.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.3 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 10.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 80.1% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.8% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.2% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 309.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 10.8%-იანი წილით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (361.8 ათასი), თურქეთისა (308.3 ათასი) და სომხეთის (210 ათასი) მოქალაქეების მიერ.
ვიზიტორების უმრავლესობა, 46.5%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 41.8%-ს შეადგენდა.
2025 წლის II კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 49.4%, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 928.3 ათასი და 629.8 ათასი ვიზიტი.
2025 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.30 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.06 ღამე) 4.7%-ით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, განხორციელებული ვიზიტების 78.1% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2025 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას კმაყოფილების დონის მიხედვით.
ამასთან, 2025 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ₾3.5 მლრდ-ს გაუტოლდა, რაც 0.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 6%-ით შემცირდა და 2 116.8 ლარი შეადგინა.