თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის ენერგეტიკის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა წლიურად 41.4%-ით შემცირდა და 0.4 ტვტ.სთ შეადგინა. 

ექსპორტის სეზონი მაისის თვეში დაიწყო და სავარაუდოდ აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ თურქეთი იყო, ექსპორტის 81.6%-იანი წილით. ექსპორტის შემცირება უკავშირდება თურქეთის ბაზარზე ფასების კლების შედეგად ექსპორტიორების მხრიდან შემცირებულ ინტერესს.

თურქეთის მიმართულებით ტოპ-3 ექსპორტიორი იყო: ბუქაფ სოლუშენზი, საქართველო ურბან ენერჯი  და აჭარა ენერჯი 2007. ამასთან, სომხეთის მიმართულებით ძირითადი ექსპორტიორი იყო ქროს ბორდერ ტრეიდინგი.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მიმართულებით 52.6 გვტ.სთ-ის ექსპორტი განახორციელა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ, რომლის მიზანიც იყო თურქეთთან ისტორიული ვალის დაფარვა.

ამასთან, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები თითქმის განახევრდა (-43.8% წ/წ) და $19.2 მლნ შეადგინა, 2025 წლის პირველ ნახევარში. კლება უკავშირდება როგორც მოცულობის, ისე საექსპორტო ფასის კლებას. ექსპორტის საშუალო ფასი წლიურად შემცირდა 4%-ით და კვტ.სთ-ზე 4.3 აშშ ცენტი შეადგინა.

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს გავლით თურქეთში 0.3 ტვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა, რომლის 87.9% აზერბაიჯანიდან მოდიოდა, ხოლო დანარჩენი რუსეთიდან.

გალტ & თაგარტის კვლევის თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 116.6%-ით გაიზარდა 1.0 ტვტ.სთ-მდე. იმპორტირებულ ელექტროენერგიის 78.9% რუსეთიდან განხორციელდა, რომლის 58.6% აფხაზეთის მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი.

ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევრში იმპორტულ ელექტროენერგიაში გადახდილმა თანხამ $25.3 მლნ შეადგინა, რაც საშუალოდ კვტ.სთ-ზე 2.6 აშშ ცენტია.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის რეგიონისთვის იმპორტი სპეციალურ ფასად, კვტ.სთ-ზე 0.1 აშშ ცენტად ხორციელდება, რაც იმპორტის საშუალო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.