თბილისი (GBC) – „ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე საბაჟო ტრანზიტული ოპერაციების გამარტივების პროექტის ფარგლებში მონაცემების წინასწარი გაცვლის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობებს შორის შეთანხმების“ რატიფიკაციის გადაწყვეტილება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერით თურქეთის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა. ზემოხსენებულ შეთანხმებას ხელი ბაქოში 2022 წლის 18 აგვისტოს მოეწერა.

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს შემოსავლების სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ლევან კაკავამ, თურქეთის მხრიდან – საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ თუნა თურაგაიმ, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ შაჰინ ბაგიროვმა მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის მიზანია, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელიც სამი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის, ტვირთბრუნვის საბაჟო პროცედურების გამარტივების მიზნით პირველადი მონაცემების ელექტრონული გაცვლის უზრუნველყოფა.