თბილისი (GBC) – საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას დღეს, 26 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველ არხი, საქართველოს რადიო (FM 102.3) და 1TVPLAY შემოგთავაზებთ.

ნახევარფინალში „ჯვაროსნებმა“ ლუქსემბურგის ნაკრები 2:0 დაამარცხეს, ხოლო საბერძნეთმა ყაზახეთს 5:0 მოუგო. დღეს გამარჯვებული გუნდი კი გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

ვილი სანიოლი - ფეხბურთელები ახლა უფრო მზად არიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, ვიდრე ოდესმე #1TVSPORT

მსგავსი: ვილი სანიოლი - ფეხბურთელები ახლა უფრო მზად არიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, ვიდრე ოდესმე #1TVSPORT

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ორივე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ცდილობდა, მეტოქის მიმართ პატივისცემა გამოეხატა, მაგრამ უშუალოდ სათამაშო ასპექტებზე ნაკლები ესაუბრა.

საბერძნეთის ნაკრების მიზანი

საბერძნეთის ნაკრებს დიდ საერთაშორისო ტურნირზე 2014 წლის შემდეგ არ უთამაშია. ბერძნებმა ბოლოს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა, რომელსაც ბრაზილიამ უმასპინძლა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, საბერძნეთმა კონტინენტის პირველობაზე უკანასკნელად 2012 წელს იასპარეზა. ბერძენი გულშემატკივრები თბილისურ მატჩზე დიდ იმედს ამყარებენ და მიზნად გერმანიაში თამაშს ისახავენ.

ისტორიული შესაძლებლობა საქართველოს ნაკრებს

საბერძნეთთან შეხვედრა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველოს ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი 2020 წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა და შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა

საქართველოს ეროვნულ გუნდს გადამწყვეტი შეხვედრისთვის ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდა. „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ლუქსემბურგთან ნახევარფინალური თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

კვარაცხელიას ასევე არ უთამაშია პლეი ოფის ფინალში 2020 წელს. ამასთან ერთად, მაშინ საქართველოს ნაკრებს ლევან შენგელია, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე დააკლდა. ამჟამად მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ყველა ფეხბურთელია.

მუნდიალის ფინალის არბიტრი

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის არბიტრი განსჯის. პლეი ოფის ფინალურ შეხვედრაზე უეფა-მ შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი) მოავლინა.

მარჩინიაკს ასევე პოლონელი არბიტრები დაეხმარებიან – პაველ სოკოლნიცკი და ტომაშ ლისტკევიჩი. მეოთხე მსაჯი სლოვაკი ივან კრუჟლიაკი იქნება. ვიდეორეფერის ფუნქციებსაც პოლონელები, ტომაშ კვიატკოვსკი და ბარტოშ ფრანკოვსკი შეასრულებენ.

დიდი ეკრანი რესპუბლიკის მოედანზე

19:00 საათიდან თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მერიის მიერ ორგანიზებული ფანზონა იფუნქციონირებს, სადაც მატჩს დიდ ეკრანზე აჩვენებენ. სფფ-ის პარტნიორი ორგანიზაციები სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას გამართავენ. ადგილზე იმუშავებს კვების რამდენიმე ობიექტი და ნაკრების ოფიციალური მაღაზია.

1TV.GE