თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, 2026 წლის მარტში მოთხოვნა პირველად ბაზარზე შენელდა, თუმცა წლიურ ჭრილში კვლავ ზრდა დაფიქსირდა, წინა წლის დაბალი ბაზის ეფექტის გამო. მეორე მხრივ, გაყიდვებმა მეორად ბაზარზე რიგით მეორე უმაღლეს ნიშნულს მიაღწია 2022 წლის შემდეგ. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი ზედიზედ მე-6 თვეა წლიურად მცირდება. ფასის ზრდა ორივე ბაზარზე გაგრძელდა - პირველადი ბაზრის ფასები ზომიერი ტემპით გაიზარდა ძლიერი მოთხოვნისა და ნებართვების შემცირების ფონზე.
მოთხოვნა
2026 წლის მარტში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,121 შეადგინა, აქედან:
- მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 26.9%-ით გაიზარდა და 2,068 შეადგინა (პირველ კვარტალში +15.1% წ/წ)
- პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 36%-ით გაიზარდა და 2,053 შეადგინა (პირველ კვარტალში +16.6% წ/წ)
გალტ & თაგარტის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის მარტში მოთხოვნა პირველად ბაზარზე შენელდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, წლიურად 8.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა (ჯამურად 1Q26-ში +16.9% წ/წ). ზრდა მეტწილად გასული წლის დაბალ ბაზას ასახავს, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით იყო განპირობებული.
1Q26-ში თბილისში სულ 10,907 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 958 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+23.1% წ/წ).
მიწოდება
2026 წლის მარტში ნებართვა გაიცა 17 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამურმა საცხოვრებელმა ფართმა 150,241 კვ.მ შეადგინა (-6.7% წ/წ). აღსანიშნავია, რომ გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი ზედიზედ მეექვსე თვეა წლიურად მცირდება, რაც წინა წლებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურების ნიშანია. ჯამურად, 1Q26-ში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 29.9%-ით შემცირდა.
ფასები
2026 წლის მარტში, უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპი პირველად ბაზარზე შენელდა და თვიურად 0.4%-ით გაიზარდა 1,403 აშშ დოლარამდე. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა და 1,305 აშშ დოლარი შეადგინა.
ქირა
2026 წლის მარტში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი თვიურად მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა (-1.2% თ/თ), ქირის ამონაგებმა კი - 8.5%.