თბილისი (GBC) - მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან დღემდე, GCCA-მ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი 17 მოვაჭრეს დაუდგინა.

დარღვევები შეეხებოდა მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის, მომხმარებლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსაბამო საქონლის გადაცემის, საქონლის დადგენილ ვადაში მიწოდების ვადის დარღვევის, მომხმარებლისთვის ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვისა და მოვაჭრის მიერ უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტებს.

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ, 1 თვის ვადაში აღმოფხვრან დარღვევა, სავაჭრო პოლიტიკა შეუსაბამონ კანონის მოთხოვნებს და აღადგინონ მომხმარებელთა დარღვეული უფლებები.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, კანონის დარღვევის ფაქტის დადასტურების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო 5 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯარიმის საერთო ოდენობამ - 3908 ლარი შეადგინა.

უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ, შეავსონ განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე და შევსებული განაცხადი გაგზავნონ ელფოსტაზე: consumer@gcca.gov.ge. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ, ისარგებლონ GCCA-ის ცხელი ხაზით: 15 20 ან 032 2 05 44 22.