თბილისი (GBC) – IT–ტექნოლოგიების ექსპორტმა საქართველოში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 2 მლრდ ლარს გადააჭარბა. სექტორის განვითარების მთავარ ფაქტორად სპეციალისტები, ძირითადად, საგადასახადო შეღავათებს უკავშირებენ, რომლითაც „ვირტუალური ზონის პირის“ სტატუსის მქონე კომპანიები სარგებლობენ. სექტორში არსებული მზარდი ტენდენციის ფონზე, კიდევ რჩება გამოწვევები, რომელთა დაძლევის შემთხვევაში ეს მიმართულება საქართველოში უფრო სწრაფად შეიძლება გაიზარდოს. IT სფეროში არსებულ ვითარებაზე, ტენდენციებზე და გამოწვევებზე საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილი მოგვითხრობს.
– როგორია IT-ტექნოლოგიების ექსპორტის დინამიკა საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში?
– საქართველოდან IT სერვისების ექსპორტი ბოლო წლებში მართლაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ სექტორში და ამ მიმართულებით ზრდა განსაკუთრებით 2022 წლიდან შეიმჩნევა. ბოლო რამდენიმე წლის დინამიკას რომ დავაკვირდეთ, ის ასე გამოიყურება: საექსპორტო შემოსავლები 2021-23 წლებში გაოთხმაგდა და 892 მლნ აშშ დოლარი შეადგინა 2023 წელს, ხოლო საერთო ბრუნვამ 5.1 მლრდ ლარი. სწრაფი ზრდის შედეგად ICT ეკონომიკის მე-8 ყველაზე მსხვილ სექტორად პოზიციონირებდა 2023 წელს. 2024 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 12%-ით შემცირდა. ამას თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა, რადგან 2024 წელს ბიზნესის თითქმის ყველა დარგი სხვა და სხვა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა, 2025 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებლებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – ამ პერიოდში IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 266 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 70%-ით, ანუ 110 მილიონი დოლარით მეტია. საქართველოს IT სერვისების ექსპორტის მთავარ ბაზარს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატები.
– თქვენი შეფასებით, რამ განაპირობა სექტორის ასეთი ზრდა?
– სექტორის ზრდას და განვითარებას დასაწყისში საგადასახადო შეღავათები დაეხმარა. 2022 წლიდან კი ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა, რადგან რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოში საერთაშორისო კომპანიებისა და IT სპეციალისტების რელოკაცია გამოიწვია. დამატებით სტიმულს ქმნის ინტერნეტის ხელმისაწვდომი ფასი, შედარებით დაბალი ცხოვრების ხარჯები სხვა მიმზიდველ ლოკაციებთან შედარებით, ქვეყნის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. ამასთან, ადგილობრივი კომპანიები აქტიურად ცდილობენ მოერგონ გლობალურ ტენდენციებს, რაც საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას კიდევ უფრო ზრდის.
თუმცა, ჩემი პირადი შეხედულებით, საგადასახადო შეღავათები რჩება საქართველოში IT ბიზნესის მიზიდულობის მთავარ ფაქტორად. მაგალითად, საქართველოს ვირტუალურო ზონის კომპანიებისთვის დადგენილი შეღავათების კონტექსტში რომ განვიხილოთ. ვირტუალური ზონის პირის სტატუსი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას IT კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას. ეს სტატუსი მათ ანიჭებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს, რაც ხელს უწყობს როგორც არსებული კომპანიების განვითარებას, ასევე ახალი ბიზნესების დაფუძნებას ტექნოლოგიურ სექტორში. ვირტუალური ზონის პირები სრულად თავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან იმ შემოსავალზე, რომელსაც ისინი საზღვარგარეთ მიწოდებული IT მომსახურებიდან იღებენ. ეს შეღავათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებსაც საშუალება ეძლევათ მიღებული მოგება სრულად მიმართონ განვითარებისა და ზრდისკენ. დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. კომპანიებს არ უწევთ 18%-იანი დღგ-ს გადახდა უცხოელი კლიენტებისთვის მიწოდებულ მომსახურებაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს შესთავაზონ უფრო კონკურენტული ფასები საერთაშორისო ბაზარზე.
– დღეისათვის რამდენი საერთაშორისო IT-კომპანიაა რეგისტრირებული საქართველოში და როგორია მათი რაოდენობის დინამიკა იგივე ბოლო 5 წლის განმავლობაში?
– ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში, 2025 წლის 1 ივლისის მონაცემებით, 38 525 სუბიექტია რეგისტრირებული, აქედან 24 265 აქტიურია. საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიების რაოდენობა 200-მდე იქნება, დანარჩენი ძირითადად უცხოელი ინდივიდუალური მეწარმეები არიან, რაც მიგრანტების ეფექტს უკავშირდება. უცხოური საერთაშორისო წარმომავლობის IT კომპანიების წილი ამ სტატისტიკაში ბევრად დიდია, ვიდრე ადგილობრივი კომპანიების, დაახლოებით 80%.
ტენდენცია და ინტერესი საქართველოში ბიზნესის წარმოების ამ მიმართულებით კვლავ მზარდია. ვირტუალური ზონის სტატუსის მიმართაც ინტერესი არ კლებულობს. მხოლოდ 2025 წლის პირველი იანვრიდან პირველი ივლისის ჩათვლით აღნიშნული სტატუსი 28 იურიდიულ პირს მიენიჭა, რაც სექტორისთვის პოზიტიური და დამაიმედებელი ტენდენციაა.
– რჩება თუ არა გამოწვევები საქართველოში საერთაშორისო IT-კომპანიებისთვის და თუ კი, რა სახის პრობლემებს აწყდებიან ტექნოლოგიური კომპანიები?
– მიუხედავად სწრაფი ზრდისა და პოზიტიური ტენდენციებისა, საქართველოში მოქმედი IT კომპანიები აწყდებიან სხვა და სხვა სტრუქტურულ და ოპერაციულ გამოწვევას. გამოვყოფდი ჩემი შეხედულებით რამდენიმე მთავარ ფაქტორს:
1. კვალიფიციური კადრების დეფიციტი
ბაზარზე საგრძნობლად ნაკლებია საშუალო და მაღალი დონის სპეციალისტების რაოდენობა, განსაკუთრებით პროგრამული ინჟინერიის, კიბერუსაფრთხოების და DevOps-ის მიმართულებით.
შეიმჩნევა „ტალანტების გადინების“ ტენდენცია: მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალთა ნაწილი კარიერულ განვითარებასა და მაღალანაზღაურებად პოზიციებს საზღვარგარეთ არჩევს.
პროფესიონალების დიდი ნაწილი ურბანულ ცენტრებში ცხოვრობს და მუშაობს. 2023 წლის მონაცემებით, IT პროფესიით დასაქმებულთა 93% ცხოვრობს ქალაქებში. ეს მაჩვენებელი ადასტურებს, რომ მიუხედავად დისტანციური მუშაობის პოტენციალისა, სფერო ჯერ კიდევ მკვეთრად ცენტრალიზებულია.
2. ბაზრის მცირე მოცულობა
ადგილობრივი მოთხოვნა IT პროდუქტებსა და მომსახურებაზე შეზღუდულია, რაც ზრდის კომპანიების დამოკიდებულებას გარე ბაზრებზე.
3. საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევები
უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების საგანმანათლებლო პროგრამები ყოველთვის ვერ პასუხობს ბაზრის რეალურ მოთხოვნებს. ფორმალური განათლებისა და კერძო სექტორის საჭიროებებს შორის არსებული დისბალანსი პროფესიული მომზადების ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს.
4. ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინტერნეტ-ინფრასტრუქტურა კარგად ვითარდება, რეგიონული დონის გათვალისწინებით მაინც რჩება დაფარვისა და საიმედოობის პრობლემები.
5. რეგულაციური და სამართლებრივი გარემო
უცხოური ინვესტორები და კომპანიები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კანონმდებლობა არასაკმარისად პროგნოზირებადი და სტაბილურია, განსაკუთრებით საგადასახადო რეგულაციების სფეროებში.
6. პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორები
რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და პოლიტიკური არასტაბილურობის რისკები ინვესტორების მხრიდან სიფრთხილის გაზრდას განაპირობებს.
7. გლობალურ ბაზარზე კონკურენცია
საქართველოს IT სექტორს უწევს კონკურენციაში შესვლა ისეთ ძლიერ რეგიონულ და საერთაშორისო ცენტრებთან, როგორებიცაა უკრაინა, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები, სადაც სამუშაო ძალა უფრო მასშტაბურია.
– როგორი პერსპექტივა გესახებათ ამ სექტორში, მიუხედავად გამოწვევებისა, კიდევ უფრო გაიზრდება თუ არა იგი უახლოესი წლების განმავლობაში?
– პროგნოზები დამაიმედებელია. საქართველოს IT სექტორი განვითარების გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება. მზარდი კადრების პოტენციალი, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და გლობალურ ბაზრებზე ინტეგრაციის ტენდენცია ქმნის ძლიერ საფუძველს ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური პროგრესისთვის. სწორი სახელმწიფო პოლიტიკის, განათლების რეფორმისა და ბიზნეს ინფრასტრუქტურის გაძლიერების პირობებში, სექტორს შეუძლია არა მხოლოდ გააძლიეროს საკუთარი პოზიცია რეგიონში, არამედ გადაიქცეს ინოვაციების მნიშვნელოვან ჰაბად.