თბილისი (GBC) - Georgia Capital PLC-ის (GCAP) CEO-მ და თავმჯდომარემ ირაკლი გილაურმა კომპანიაში კუთვნილი აქციები კვლავ გაყიდა. გეგმის მიხედვით, მას საკუთარი აქციების 20% უნდა გაეყიდა. 

მან პირდაპირი ფლობით დაკავებული აქციების ნაწილი 22 აგვისტოს, პირველად გაყიდა და წილი 5.6%-დან 4.95%-მდე შეიმცირა.

ამჯერად კი 26-28 აგვისტოს, მან 165,785 ჩვეულებრივი აქცია გაყიდა და £3,711,796.75 შემოსავალი მიიღო.

საშუალო გაყიდვის ფასმა დაახლოებით £22.39 შეადგინა თითო აქციაზე.

აგვისტოს დასაწყისში გილაური ფლობდა საერთო ჯამში 3,126,503 აქციას, რომელთაგან 2,131,709 აქცია მის საკუთრებაში იყო პირდაპირ და 994,794 აქცია კი ჯერ არ არის გადაცემული (ფლობს როგორც ნულოვანი ღირებულების ოფციონებს), რომლებიც გადაეცემა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ანაზღაურების პოლიტიკის განრიგის შესაბამისად.

22 აგვისტოს ტრანზაქციით მან პირდაპირ მფლობელობაში არსებული აქციები 1,808,414-მდე შეამცირა და ჯამში (პირდაპირს+გადავადებული) მის საკუთრებაში არსებულმა აქციებმა 2,803,208 შეადგინა.

ბოლო, 26-28 აგვისტოს ტრანზაქციის შესაბამისად კი, მის საკუთრებაში 2,637,423 ჩვეულებრივი აქცია დარჩა, აქედან 1,642,629 პირდაპირი ფორმით, გადავადებული კი უცვლელად.

გილაურმა აგვისტოს დასაწყისში დაადასტურა, რომ გეგმავს დროთა განმავლობაში გაყიდოს მაქსიმუმ 625,000 Georgia Capital-ის აქცია, ამ დროისთვის კი მის მიერ გაყიდული აქციების ჯამურმა რაოდენობამ  489,080 შეადგინა.

GCAP-ის ანაზღაურების კომიტეტის თავმჯდომარის, ნილ ჯანინის განცხადებით, მათი მოწოდების შესაბამისად, გილაურის მიერ აქციების გაყიდვის შემდეგ და 2025 წლის სახელფასო აქციების მინიჭების შემდეგ, გილაური დაახლოებით 2.7 მილიონ აქციას დაიკავებს.