თბილისი (GBC) – თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში, როგორც დილის, ისე საღამოს პიკის საათში დიდი გაბარიტების მქონე მანქანებს გადაადგილება ეზღუდებათ ქალაქის კონკრეტულ რაიონებში და კონკრეტულ ქუჩებზე და არა მთელი ქალაქის მასშტაბით. 

როგორც მერმა თბილისის მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე განმარტა, სხვა საათებში, დღის განმავლობაში, ასეთი ავტომობილები შეუზღუდავად გადაადგილდებიან.

„დიდგაბარიტიანი ავტომანქანების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მინდა, გავაკეთო ერთი განცხადება. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს დავიწყეთ ეს რეფორმა და ამ პერიოდში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა ბიზნესასოციაციაში სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრებს ესწრებოდა ვიცე-მერი და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც პირადად პასუხობდნენ მათ შეკითხვებს და ითვალისწინებდნენ მათ საჭიროებებს.

საკმაოდ თანმიმდევრული კომუნიკაციის პირობებში, საჯარო განხილვის რეჟიმში შევიმუშავეთ ეს რეფორმა და შესაბამისი რეგულაციები. ამის შემდეგ ის განიხილა პარლამენტმა და გასული წლის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც საკრებულომ გამოიტანა შესაბამისი გადაწყვეტილება.

დიდგაბარიტიანი ავტომანქანების შეზღუდვაზე ინფორმაცია მუდმივად ვრცელდებოდა. მეც არაერთი განცხადება გავაკეთე მთავრობის სხდომებზე, მაგრამ ამის მიუხედავად, დღესაც ვხედავთ, რომ ბიზნესსექტორის ცალკეული სუბიექტები ამ რეგულაციას მოუმზადებლები შეხვდნენ.

მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეფორმა და პიკის საათებში დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა თბილისის ცენტრალურ ნაწილში. ვიცით, ქალაქში რა მდგომარეობაა და მუნიციპალიტეტი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ბევრ ღონისძიებას ახორციელებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს სწრაფად გადაადგილების საშუალება მიეცეთ - პირველ რიგში, გავზარდოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამტარობა, რაოდენობა და კომფორტი, ასევე მაქსიმალურად შევამციროთ იმ ინციდენტების რაოდენობა, რომელიც აფერხებს მოძრაობას. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ზემოაღნიშნული ცვლილებები და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნესსექტორს - როგორც ამ სერვისის გამწევს ასევე მიმღებ სუბიექტებს, გადაეწყონ და მოერგონ დადგენილ რეგლამენტს, რათა არ მოგვიწიოს მათი დაჯარიმება. ვიმეორებ, არავის უხარია ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ აღნიშნული მიმართულების მოწესრიგება, ადამიანებს შევუმსუბუქოთ გადაადგილება, ამისთვის იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. კონკრეტულ საათებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანებს, როგორც დილის პიკის, ისე საღამოს პიკის საათში ეზღუდებათ გარკვეული დროის განმავლობაში ქალაქის კონკრეტულ რაიონებში და კონკრეტულ ქუჩებზე გადაადგილება და არა, მთელი ქალაქის მასშტაბით. სხვა საათებში, დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, თავისუფლად აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა.

ჩვენი მიზანია არა ვინმეს დაჯარიმება, არამედ პიკის საათებში ინციდენტების რაოდენობის შემცირება და იმგვარი სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან არიდება, რომელიც გასულ წელს და წინა წლებში რამდენჯერმე დაფიქსირდა“, - განაცხადა კალაძემ.