თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობის სამშაბათის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ახალი პროცესი დააანონსა, რომლის საფუძველზეც განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა, რაც გულისხმობს მენეჯმენტის ცვლილებას, სისტემის გაჯანსაღებას. მისი თქმით, ეს დამატებითი სტიმული იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.
„სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა არის მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნა. ძლივს ისეთ რაღაცას გვთხოვენ უცხოელები, რაც სახელმწიფოს ინტერესებს შეესატყვისება და ვფიქრობ, არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი, არ შევასრულოთ შესაბამისი რეკომენდაციები, ამიტომ ვიწყებთ უკვე პროცესს, რომლის საფუძველზეც განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა, რაც გულისხმობს მენეჯმენტის ცვლილებას, სისტემის გაჯანსაღებას, დახვეწას, გაუმჯობესებას“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ოპტიმიზაცია არის ერთი მიმართულება, რაც როგორც ეკონომიის, ისე ეფექტიანობის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა, „მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი სახელმწიფო საწარმოებში, რათა ეფექტიანობის ხარისხი მაქსიმალურად გაუმჯობესდეს“.
„თუ ვეხებით ჩვენ რკინიგზას, ენერგეტიკას, ყველგან არის შესაძლებელი მეტი ხარჯთეფექტიანობის უზრუნველყოფა, მეტი წარმატების მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს აუცილებლად გაკეთდება. ენერგეტიკის სფეროში, მაგალითად, ჩამოყალიბებული იყო გარკვეული პრაქტიკები, რომელიც პირდაპირ აბრკოლებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ეს პრაქტიკები თავიდან ბოლომდე მოისპობა და ეს გაკეთდება უახლოესი მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში. იგივე არის გასაკეთებელი ყველა სხვა სფეროში. მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც დამატებით წაახალისებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამისთვის უახლოეს მომავალში მომზადდება საკანონმდებლო პაკეტიც, რომელიც წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში და ვთხოვთ პარლამენტს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რათა საბოლოოდ განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა", - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მონაცემებით, სახელმწიფოს თანამონაწილეობით (არანაკლებ 50%-ის) დარეგისტრირებულია 5 883 ბიზნეს სუბიექტი, საიდანაც მხოლოდ 49% არის აქტიური, ანუ 2 865 საწარმო ფუნქციონირებს.