თბილისი (GBC) - საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედება 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

საკითხი ეხება „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ 2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებას.

თავდაპირველი ვერსიით, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში დღეიდან, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა შესულიყო, თუმცა მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, რეგულაციის ამოქმედების ვადამ თითქმის ოთხი წლით გადაიწია. ნორმატიულ აქტში აღნიშნულია, რომ გადავადების გადაწყვეტილება კერძო სექტორთან, ბიზნესასოციაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციების საფუძველზე იქნა მიღებული, რათა ბიზნესს ახალ სტანდარტებთან ადაპტაციისთვის მეტი დრო მიეცეს.

2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება. თუმცა, აპრილში სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვაც 4 წლით, 2031 წლამდე გადავადდა.