თბილისი (GBC) - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სახელმძღვანელოების კონცეფცია სრულად იცვლება და ეტაპობრივად სავალდებულო სასკოლო ფორმები შემოგაქვთ.

მინისტრის განმარტებით, 2028 წლის 15 სექტემბრამდე ყველა საფეხურზე ჰუმანიტარული და STEM მიმართულების საგნებში სრულიად ახალი სახელმძღვანელოები გამოიცემა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, ერთი და იგივე სახელმძღვანელო იქნება ერთსა და იმავე საფეხურსა და საგანში, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში. მიმდინარე მუშაობის შედეგად, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის პირველკლასელებს, მე-7 და მე-10 კლასელებს უკვე ახალი წიგნები ექნებათ.

ახალი კონცეფციის მიხედვით, სახელმძღვანელოების ყდებზე ეროვნული ღირებულებების მატარებელი ვიზუალები განთავსდება. კერძოდ, ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე გამოსახული იქნება ტრადიციული ღვინის დაწურვის პროცესი, ხოლო უკანა ყდაზე - მისი ქიმიური აღწერა. ფიზიკის წიგნზე დაიტანება ელგუჯა მეძმარიაშვილის გამოგონება - კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრის გაშვება. გარდა ამისა, წიგნებში შედის 500-ზე მეტი ახალი ილუსტრაცია, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს შეეხება.

ამასთანავე, სამინისტრო სკოლებში ფორმების ტარების კულტურის შემოღებას იწყებს, რაც წელს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით გავრცელდება, შემდგომ კი ყოველ წელს თითო კლასი დაემატება. ფორმების მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი სკოლაში სახელმწიფო გერბით გაფორმებული ახალი ფორმით მივა, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში ფორმებით პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილ იქნება.

ბაზრის კვლევისა და ტენდერის შედეგად, ხელშეკრულება გაფორმდა ჩინეთში სასკოლო ფორმების ნომერ პირველ მწარმოებელ კომპანიასთან მას შემდეგ, რაც პირველმა გამოვლენილმა კომპანიამ დოკუმენტაცია სრულყოფილად ვერ წარმოადგინა. მინისტრის განცხადებით, ფორმების ფასი რამდენჯერმე იაფი იქნება კერძო სკოლების ფორმებთან შედარებით, ხოლო ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით და ჰყავს დაწყებითი კლასის მოსწავლე, ფორმას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს.

კომპანიის მიერ წარმოდგენილ პირველ ნიმუშებს გავლილი აქვს საერთაშორისო ხარისხის ტესტირება და საქართველოშიც შემოწმდება. მინისტრის განმარტებით, ქსოვილში პოლიესტერი შეზავებულია ბუნებრივ მასალებთან, რაც ზრდის გამძლეობას, ხოლო ყველა პიჯაკს, შარვალსა და ქვედაბოლოს აქვს ანტიალერგიული სარჩული. მოდელები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო რეალიზაციის პუნქტები რეგიონებსა და ქალაქებში წინასწარ გაიხსნება.