თბილისი (GBC) - საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოში რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის („როსსელხოზნადზორი“) დელეგაცია იმყოფებოდა. უწყების ცნობით, რუსმა სპეციალისტებმა ქართული სატესტო ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარეს და რუსეთში გასატანი თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემა შეისწავლეს.

„როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, რუსი სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მუშაობას, რომელიც რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენ რაოდენობებს იკვლევს. მათ შეაფასეს ლაბორატორიის ტექნიკური აღჭურვილობა, თანამშრომელთა კვალიფიკაცია, კვლევის მეთოდები და შენობა-ნაგებობების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან.

ქართველმა კოლეგებმა დელეგაციას ასევე გააცნეს ნიმუშების საკარანტინო ფიტოსანიტარიული მდგომარეობის განსაზღვრის წესი და სერტიფიკატების გაცემის პროცედურა. ვიზიტის ფარგლებში რუსეთის დელეგაცია გორის მუნიციპალიტეტსაც ეწვია, სადაც თესლოვანი და კურკოვანი კულტურების მოყვანის, შენახვისა და საექსპორტო პარტიების ფორმირების ხუთი ობიექტი დაათვალიერა.

აუდიტის შედეგების საფუძველზე „როსსელხოზნადზორი“ ლაბორატორიას გაუგზავნის შესაბამის აქტს, რომელიც მის კომპეტენციასა და კვლევის შედეგების სანდოობას დაადასტურებს. უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ მცენარეთა კარანტინის სფეროში ეროვნული სისტემის შემუშავება მიმდინარეობს. ორი ქვეყნის ციფრული პლატფორმების ინტეგრაცია ინფორმაციის გაცვლას გააუმჯობესებს, საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ორმხრივ მიწოდებას გაზრდის და მისი უსაფრთხოების კონტროლს გააძლიერებს.