თბილისი (GBC) - პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც პრემიერის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის განცხადებით, ცვლილებით, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი, რომლის შესახებაც საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტი მომზადდება.
ენუქიძის თქმით, დღემდე ასეთი წინაპირობები არ არსებობდა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მთავრობა გადაწყვეტილებას ინდივიდუალური განხილვის შემდეგ იღებდა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, მთავრობას დაევალება, შეიმუშაოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელშიც ზედმიწევნით გაიწერება, რა შემთხვევებში იქნება შესაძლებელი სახელმწიფო ქონების გაცვლა ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება.
ახალი რეგულაციის მიხედვით, მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, ვალდებული იქნება კანონის მიღებიდან სამოცი დღის ვადაში შეიმუშაოს ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ქონების განკარგვის წინაპირობებს როგორც გაცვლის, ისე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას.