თბილისი (GBC) – საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Lufthansa Group-ის რეგიონულ მენეჯერს კარსტენ ცანგს ოთხშაბათს შეხვდა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოს ავიაბაზარზე Lufthansa Group-ში შემავალი ავიაკომპანია Edelweiss-ის შემოსვლის საკითხს და მასთან დაკავშირებულ საოპერაციო დეტალებს. მხარეებმა, ასევე განიხილეს Lufthansa Group -ში შემავალი სხვა ავიაკომპანიების საქართველოში შემოსვლის პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.
,,ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჩვენს ბაზარზე შვეიცარიული edelweiss-მა დაიწყო ოპერირება. ავიაკომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჰოლდინგის წარმომადგენელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ავიაკომპანიების მხრიდან ინტერესი მზარდია. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, საქართველოს ავიაბაზრით Lufthansa Group-ში შემავალი ისეთი ავიაკომპანიები დავაინტერესოთ, როგორებიცაა Brussels Airlines და SWISS. რითაც გლობალური საავიაციო ჯგუფი Luftansa თითქმის სრულად იქნება წარმოდგენილი ჩვენს ბაზარზე‘’, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
Lufthansa Group-ში შემავალი ავიაკომპანიებია: Lufthansa, Eurowings, Austrian Airlines, Edelweiss, Swiss, Bruselss Airline, ITA Airways, საიდანაც 4 უკვე საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებს.
,,Edelweiss-ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემოსვლით LUFTHANSA GROUP საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ უფრო გაძლიერდება და ბაზრის წილი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე ჩვენი გლობალური საავიაციო ჯგუფის უკვე მეოთხე ავიაკომპანია ოპერირებს‘’, - განაცხადა კარსტენ ცანგმა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ გერმანია საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ამ ეტაპზე, საქართველოს ავიაბაზარზე Lufthansa Group-ში შემავალი 5 ავიაკომპანია ჯამურად 13 სიხშირით ოპერირებს, ზაფხულის სეზონზე კი ფრენების რაოდენობა კვირაში 20 გახდება.