თბილისი (GBC) – „სტარტაპ საქართველო“ ინოვაციური, დამწყები ბიზნესებისთვის განაცხადების მიღებას აგრძელებს. ამ ეტაპზე, დაინტერესებულ პირებს  დაფინანსების მიღება ორი მიმართულებით შეუძლიათ: ერთი უშუალოდ „სტარტაპ-საქართველოს“ არსებული პროგრამის ფარგლებში, რომელიც ინოვაციურ ბიზნეს იდეებს განიხილავს და მათი განხორციელების არეალი მთელ საქართველოს მოიცავს და მეორე - USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან ერთად, საქართველოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის  მიმდებარე 11 მუნიციპალიტეტსა და მასში შემავალ 94  თემში, სადაც დაინტერესებულ პირებს ინოვაციური ბიზნესების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. პირველ ეტაპზე, ერთობლივი პროგრამა მოიცავს გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სამიზნე თემებს.

ახალი საწარმოები ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე თემებში USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამისა და „სტარტაპ საქართველოს“ ერთობლივი ახალი ინიციატივაა, რომლის  მიზანია, გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ინოვაციური ბიზნესების განვითარება,  ადგილობრივების დასაქმებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა, მათი  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, შემოსავლების ზრდა, სოფლის გაძლიერება და რეგიონის კეთილდღეობის  ხელშეწყობა.

ინოვაციურად განიხილება ბიზნეს იდეა, რომელიც სთავაზობს ბაზარზე არსებულისგან  განსხვავებულ ახალ პროდუქტს, სერვისს ან ტექნოლოგიას.

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამაში დაფინანსების მოსაპოვებლად  დაინტერესებულმა  პირმა ორი,  პრეაქსელერაციისა და ინვესტირების ეტაპები უნდა გაიაროს.

პრეაქსელერაციის ეტაპზე მონაწილეები 4-6 კვირის განმავლობაში გაივლიან ტრენინგს, რომელსაც გაუძღვებიან გამოცდილი მენტორები. ტრენინგის მიზანია, სტარტაპერებმა  შეიძინონ სათანადო ცოდნა, რათა შეძლონ სრულყოფილი ბიზნეს გეგმის შედგენა, რომელსაც წარადგენენ ინვესტირების ეტაპზე.

რაც შეეხება მეორე,  ინვესტირების ეტაპს, მასში  მონაწილეობის მიღებას მხოლოდ ის კონკურსანტები შეძლებენ, რომლებიც წარმატებით გაივლიან პრეაქსელერაციის ეტაპს. წარმატებულ ბიზნეს პროექტებს USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა და „სტარტაპ საქართველო“ ერთობლივად  შეარჩევენ. სტარტაპ საქართველო განახორციელებს შეღავათიან გრძელვადიან ინვესტიციას კაპიტალში მონაწილეობის სახით, ხოლო USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა გასცემს საგრანტო დაფინანსებას. თითოეულ წარმატებულ განმცხადებელს მოეთხოვება ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ით თანადაფინანსება. ბიუჯეტის დარჩენილ თანხას თანაბრად დააფინანსებს USAID და „სტარტაპ საქართველო“.

უახლოეს მომავალში „სტარტაპ საქართველო“ პროგრამის  შესახებ საინფორმაციო  კამპანიის დაწყებას გეგმავს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ სტარტაპ-საქართველოს ვებგვერდს https://startup.gov.ge