თბილისი (GBC) - The Times of Israel წერს, რომ ოთხშაბათს, ნახევრად ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო ISNA-მ, ირანელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი ისრაელის დიმონას ბირთვულ ობიექტს (Shimon Peres Negev Nuclear Research Center. რედ.) დაარტყამს, თუ ისრაელი და აშშ ისლამურ რესპუბლიკაში რეჟიმის შეცვლას შეეცდებიან.

ირანის მხრიდან ეს მუქარა გაჟღერდა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი ინტენსიური საჰაერო კამპანიის მეხუთე დღეს. ორივე მხარე აცხადებს, რომ ოპერაციის მიზანია ირანისთვის ბირთვული ბომბის შექმნის აღკვეთა და ისლამური რესპუბლიკის შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განადგურება. ისრაელი ასევე აქტიურად მოუწოდებს ირანელებს რეჟიმის დამხობისკენ, ხოლო აშშ-მა მიანიშნა, რომ მიესალმება ასეთ ცვლილებას.

The Times of Israel წერე, შიმონ პერესის სახელობის ნეგევის ბირთვული კვლევის ცენტრი, რომელიც ქალაქ დიმონასთან მდებარეობს, მიიჩნევა ისრაელის ატომური იარაღის პროგრამის საკვანძო ობიექტად. ისრაელი არც ადასტურებს და არც უარყოფს ბირთვული იარაღის ფლობას. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ნეგევის რეგიონში მდებარე ეს ობიექტი ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ადგილად ითვლება, რომლის უსაფრთხოებასაც ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების სრული სპექტრი უზრუნველყოფს.

აღნიშნული კამპანიის საპასუხოდ, ირანმა რაკეტები ესროლა რეგიონის იმ ქვეყნებს, სადაც განთავსებულია აშშ-ის ბაზები, ასევე უშუალოდ ისრაელს, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა. ოთხშაბათს ღამით განხორციელებულმა სამმა სარაკეტო თავდასხმამ მილიონობით ისრაელელი აიძულა ბომბსაფარებში ჩასულიყო, თუმცა ამას დაშავება არ მოჰყოლია. გაეროს ბირთვული ზედამხედველობის ორგანოს (IAEA) განცხადებით, ბოლოდროინდელი საბრძოლო მოქმედებების შედეგად ირანში ბირთვული მასალის შემცველ ობიექტებს ზიანი არ მისდგომია და რადიაციის გაჟონვის საფრთხე არ არსებობს.

ამავდროულად, თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლივიტმა განაცხადა, რომ ირანთან ომის ფონზე, აშშ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმებზე მუშაობს.

ლივიტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ოპერაცია „Epic Fury“ (ეპიკური რისხვა) - კამპანიის ამერიკული სახელწოდება - უზრუნველყოფს იმას, რომ „ირანი ვეღარ შეძლებს ენერგიის თავისუფალი ნაკადის შეზღუდვას იმ წყლის გზაზე, რომელიც მსოფლიოს ნავთობის მარაგის დაახლოებით 20 პროცენტს აკონტროლებს“.

„როგორც ომის დეპარტამენტმა (აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ) დღეს დილით განაცხადა, ჩვენ ველით სრულ და აბსოლუტურ დომინირებას ირანის საჰაერო სივრცეზე მომდევნო რამდენიმე საათში“, - განაცხადა ლივიტმა. თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა მანამდე აღნიშნა, რომ აშშ და ისრაელი ირანის ცაზე სრულ კონტროლს ერთი კვირის განმავლობაში მოიპოვებენ.

ლივიტმა დასძინა, რომ აშშ-მა გაანადგურა 20-ზე მეტი ირანული გემი, რაც ორჯერ აღემატება ორი დღის წინანდელ მონაცემს.

კითხვაზე, იმ ცნობების შესახებ, რომ აშშ განიხილავს ქურთი მებრძოლების შეიარაღებას ირანის წინააღმდეგ, ლივიტმა ეს უარყო და განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქურთ ლიდერებს ცოტა ხნის წინ მხოლოდ ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ესაუბრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანელ ქურთებთან, რათა მათ იბრძოლონ ირანის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ და ხელი შეუწყონ სახალხო აჯანყებას რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც იანვარში სასტიკად ჩაახშო ანტისამთავრობო პროტესტი და ათასობით ადამიანი მოკლა.

თუმცა ლივიტმა საბოლოოდ არ გამორიცხა ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების შეყვანის შესაძლებლობა, მან განმარტა, რომ „ამ ეტაპზე“ ეს ოპერაციის გეგმის ნაწილი არ არის.

პრესსპიკერის თქმით, ტრამპი თავის მრჩევლებთან ერთად განიხილავს, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს აშშ-ს ირანში სამხედრო კამპანიის შემდეგ, ხოლო ამერიკული დაზვერვა აკვირდება ცნობებს იმის შესახებ, რომ მოჯტაბა ხამენეი - ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის ვაჟი - მისი მემკვიდრეობის მთავარ პრეტენდენტად ჩამოყალიბდა.

„ჩვენც ვნახეთ ეს ცნობები და ჩვენი სადაზვერვო სააგენტოები ამ საკითხს სწავლობენ. სიმართლე ისაა, რომ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ“, - განუცხადა ლივიტმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად აქტიურად განიხილავს ვაშინგტონის მომავალ როლს ირანში ოპერაციის დასრულების შემდეგ, თუმცა ამ მომენტში მთავარი ფოკუსი სამხედრო ოპერაციის წარმატებაზეა.

ლივიტმა ასევე დაიცვა აშშ-ის მიზნები ირანის წინააღმდეგ ისრაელ-ამერიკის ერთობლივ საჰაერო ომში. ეს მოხდა იმ კრიტიკის ფონზე, რომლის თანახმადაც ვაშინგტონმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები თეირანის მხრიდან აშშ-ის მიმართ არსებული დაუყოვნებლივი საფრთხის შესახებ. მან დასძინა, რომ ტრამპს სჯერა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის ამ ომში.

„ამ ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება ეფუძნება სხვადასხვა პირდაპირი საფრთხის კუმულაციურ ეფექტს, რომელსაც ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს უქმნიდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ტერორისტული რეჟიმი, რომელიც 47 წლის განმავლობაში ემუქრებოდა აშშ-ს, ჩვენს მოკავშირეებსა და ჩვენს ხალხს. ამერიკელი ხალხი საკმარისად გონიერია, რომ ეს იცოდეს“, - განაცხადა ლივიტმა.

The Times of Israel-ის ინფორმაციით, ტრამპმა უარყო მოსაზრებები, რომ თითქოს ისრაელმა უბიძგა აშშ-ს ამ კონფლიქტისკენ. მისი ადმინისტრაცია კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა ზოგიერთი მხარდამჭერისა და დემოკრატის მხრიდან, რომლებიც მას „საკუთარი სურვილით დაწყებულ ომში“ (war of choice) სდებდნენ ბრალს.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვამ, რომელიც ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ამერიკელების მხოლოდ მეოთხედი უჭერს მხარს ირანზე დარტყმებს, რომლებმაც ახლო აღმოსავლეთი ქაოსში ჩააგდო. გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი, მათ შორის ყოველი მეოთხე რესპუბლიკელი, მიიჩნევს, რომ ტრამპი ზედმეტად მარტივად თანხმდება სამხედრო ძალის გამოყენებას.

ლივიტმა ასევე გამოაცხადა, რომ ესპანეთი დათანხმდა აშშ-ის სამხედროებთან თანამშრომლობას მას შემდეგ, რაც ტრამპმა სამშაბათს მადრიდი გააკრიტიკა ირანზე თავდასხმებისთვის ამერიკული ბაზების გამოყენებაზე უარის გამო. თუმცა, ესპანელმა ოფიციალურმა პირებმა სასწრაფოდ უარყვეს ქვეყნის პოზიციის შეცვლა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი ბაზები ამ ომის ფარგლებში არ იქნება გამოყენებული.