თბილისი (GBC) - თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრისთვის 2026 წელი პოზიტიურად დაიწყო. „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, იანვარში ბაზრის მოცულობამ 254 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 9%-იან ზრდას ნიშნავს.

„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის თანახმად, იანვარში დედაქალაქში 2 229 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით მეტია. საინვესტიციო კომპანიის ანალიტიკოსების განმარტებით, აღნიშნული ზრდა ნაწილობრივ დაბალი საბაზრო ეფექტით არის გამოწვეული.

ტრენდი მზარდია ფასების მიმართულებითაც - კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდი ფასი იანვარში 6%-ით გაიზარდა და 1 340 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება იჯარის ბაზარს, საშუალო გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე 10 დოლარამდე შემცირდა (-7% წ/წ), ხოლო უძრავი ქონების ამონაგები 8.1%-ს გაუტოლდა (-1.1 პ.პ. წ/წ).

„თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ასევე საუბარია პოტენციურ მიწოდებაზე: 2026 წლის იანვარში გაცემული სამშენებლო ნებართვების საცხოვრებელმა ფართობმა დაახლოებით 20 000 კვადრატული მეტრი შეადგინა.