თბილისი (GBC) – ევროკომისარმა თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა, ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის 90-მილიარდიანი კრედიტის ფარგლებში უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო დახმარების პირველი ტრანში უკრაინული წარმოების დრონების შესასყიდად მიიმართება. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

„2026 წლისთვის უკრაინამ 28.3 მილიარდი ევროს საერთო ღირებულების თავდაცვის დახმარება მოითხოვა. მიწოდების პირველი გეგმა ფოკუსირებულია უკრაინის მოწინავე თავდაცვითი ინდუსტრიის მიერ წარმოებულ დრონებზე“, - განაცხადა კუბილიუსმა.

კომისარმა დააზუსტა, რომ მომდევნო ეტაპებზე ევროკავშირი „ევროპული თავდაცვითი ინდუსტრიის უფრო მეტ ჩართულობას ელოდება“.

ევროკომისია დარწმუნებულია, რომ 90-მილიარდიანი კრედიტის პირველი ტრანში უკრაინაში 2026 წლის მეორე კვარტალში შევა.

მას შემდეგ, რაც უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტია 12 აპრილის არჩევნებში დამარცხდა, ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი 90-მილიარდიანი დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი ოპერატიულად განიბლოკება.

ევროკომისიის წინადადებით, 2026 წელს უკრაინას 45 მილიარდი ევრო უნდა გადაეცეს, საიდანაც 16.7 მილიარდი ქვეყნის ბიუჯეტის საჭიროებებს მოხმარდება, ხოლო 28.3 მილიარდი უკრაინის არმიას, თავდაცვასა და იარაღის წარმოებაზე დაიხარჯება.