თბილისი (GBC) – recov.ge-ის მონაცემებით, 2025 წლის მარტში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4.2%-იანი ზრდა ფიქსირდება, ტრანზაქციების რაოდენობა გაზრდილია, როგორც პირველად, ასევე, მეორეულ ბაზარზე. recov.ge-ის ანგარიშით, გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ, რაც ართულებს პირველადი ბაზრის ზუსტი სურათის აღქმას. 

ძველ პროექტებში ნარჩუნდება კლების ტენდენცია - 2024 წლის მარტთან შედარებით მაჩვენებელი 15.5%-ით არის შემცირებული.

2025 წლის მარტში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მარტთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში - 10.2%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში სულ რაღაც 0.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2025 წლის მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,064 ერთეული შეადგინა და წინა წლის მარტთან შედარებით მცირე 1.5%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 16.7%-ით, 243 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. 

ამასთან, 2025 წლის მარტში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მარტთან შედარებით 27.7%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში 21%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო გარეუბანში საშუალო შეწონილმა ფასმა 7.3%-ით მოიმატა. ამხელა ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ტრანზაქციები გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას. ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 11.6%-ით გაიზარდა.