თბილისი (GBC) – თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ყოველკვირეულ განახლებაში მაკროეკონომიკურ და სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით წერს, რომ 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%–ზე მეტით გაიზრდება.

„ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკის ძლიერ ზრდაზე მიუთითებს, რაც ჩვენს უახლეს პუბლიკაციებშია ასახული. ამ ფონზეც კი, თებერვალში ეკონომიკის 9.5%-იანი მატება მოლოდინებს აღემატება. სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა გაზრდილი სავალუტო შემოდინებები და საინვესტიციო მოთხოვნა, ამჯერად დამატებით გამოვყოფდით წლის დასაწყისიდან საკმაოდ მაღალ ფისკალურ სტიმულს და, ასევე, უკვე მარტის მონაცემებზე დაყრდნობით, მიგრაციის ეფექტის არსებით გაუმჯობესებას. თავისთავად, მორიგი მობილიზაციის ტალღისა და არასტაბილურობის რისკის ზრდის ფონზე, პოზიტიურ ეფექტებზე საუბარი უხერხულია, თუმცა მიგრაციის ეფექტის მთლიანობაში დადებითი ეკონომიკური ზეგავლენა სახეზეა.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ რომ 2024 წლისათვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის საბაზო სცენარი 6%-ს აღემატება. უფრო მეტი ანალიტიკით, ჩვენს მკითხველებს თიბისი კაპიტალის ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ განახლებაში დავუბრუნდებით“, – წერს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.