თბილისი (GBC) – ყაზახეთში მიმდინარეობს TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის მე-18 წლიური სხდომა, რომლის ფარგლებში მონაწილე ქვეყნები განიხილავენ გადაზიდვების ციფრულ ტრანსფორმაციას, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ევროპა — კავკასია — აზია“ განვითარებას და ტრანზიტული პროცედურების გამარტივებას.

სხდომის ერთ-ერთ მთავარ გადაწყვეტილებად შესაძლოა იქცეს TRACECA-ს ერთიანი სატრანზიტო ნებართვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომელზეც მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

TRACECA-ს მუდმივი სამდივნოს გენერალურმა მდივანმა ასეთ ასავბაევმა განაცხადა, რომ შეთანხმება ქაღალდის დოკუმენტბრუნვიდან ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას და წევრ ქვეყნებს შორის გადაზიდვების გამარტივებას უზრუნველყოფს.

მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს მრავალმხრივი საბაზისო შეთანხმების ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზნის, სატრანზიტო დერეფანში ტვირთების თავისუფალი და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფის ლოგიკურ გაგრძელებას. ერთიანი ელექტრონული ნებართვა ჩაანაცვლებს რამდენიმე ქაღალდის დოკუმენტს, რაც გადამზიდავებისთვის დროისა და ფინანსური დანახარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს.

ასავბაევის ინფორმაციით, წევრი ქვეყნები ასევე აგრძელებენ მუშაობას TRACECA-ს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების სტრატეგიაზე 2027–2034 წლებისთვის. დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს დერეფნის მოდერნიზაციისა და შემდგომი განვითარების გრძელვადიანი პრიორიტეტები, ასევე მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო პროცესების გაციფრულება და ელექტრონული დოკუმენტების დანერგვას. TRACECA-ში მიიჩნევენ, რომ ციფრულ ფორმატზე გადასვლა გაზრდის გადაზიდვების გამჭვირვალობას და დააჩქარებს ქვეყნებს შორის კოორდინაციას.

გენერალური მდივნის თქმით, ელექტრონული ზედნადების CIM/SMGS დანერგვის საპილოტე პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა ხუთი ეტაპის ტესტირება აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთის, თურქეთის, უკრაინისა და მოლდოვის რკინიგზის ოპერატორების მონაწილეობით. მიღებული შედეგები, მისი შეფასებით, ადასტურებს პროექტის პრაქტიკულ ეფექტიანობას და ციფრულ ტრანსფორმაციაში მონაწილე ქვეყნების ერთობლივი მუშაობის შედეგიანობას.

TRACECA წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო დერეფნის „ევროპა – კავკასია – აზია“ განვითარებას და ფუნქციონირებს მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატში.