თბილისი (GBC) – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და რაციონალური გამოყენების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანი მედიისთვის წყლის რესურსების მდგრადი მართვის პოლიტიკისა და წყლის რესურსების ეფექტური გამოყენების მნიშვნელობის შესახებ ღირებული ინფორმაციის გაზიარება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
მედიის წარმომადგენლებს მიმდინარე სიახლეები ჯივიპის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა, USAID/საქართველოს კერძო სექტორის განვითარების ოფიცერმა ჯორდი არიმანიმ, USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო ჩოხელმა და ჯივიპისა და USAID-ის წარმომადგენლებმა გააცნეს.
,,USAID-თან ერთად მედიის წარმომადგენლებს გავუზიარეთ ინფორმაცია წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ. აღნიშნული კანონი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საქმიანობასა და ზოგადად, წყლის სექტორზე საქართველოში.კანონი ევროპულ სტანდარტებს ამკვიდრებს წყლის რესურსების მართვისა და მოხმარების მიმართულებით. მიმდინარე ცვლილებები მომდევნო წლებში სრულად დაარეგულირებს წყალმომარაგების სექტორს.” - ხოსე მიგელ სანტოსი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.
,,USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა მხარს უჭერს წყლის რესურსების ახალი კანონის შემუშავებას, კანონი ნერგავს ეფექტურ მექანიზმებს, იმისთვის, რომ მოხდეს წყლის რესურსების სწორი მართვა და გამოყენება, ამ სამუშაოების ფარგლებში ჩვენ ვთანამშრომლობთ ჯივიპისთან, რომლის ახალი მფლობელის, აქუალიას გლობალური გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კანონმდებლობის დანერგვის პროცესში.დღევანდელი ღონისძიება დიდი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომლის ამოცანაა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წყლის რესურსების მდგრად მოხმარებასთან დაკავშირებით.“ - USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე,ნინო ჩოხელი.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ყოველდღიურად 600 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, შესაბამისად, ნებისმიერი სახის რეფორმა, რომელიც ეხება წყლის რესურსების მართვას, გავლენას ახდენს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოების ინფორმირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“ - ზურა ალფაიძე, ჯივიპის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი.
2023 წლის მარტში USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს წყლის რესურსების მართვის რეფორმის ერთობლივი მხარდაჭერის შესახებ. მედიასთან გამართული ღონისძიება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასა და gwp-ს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ნაწილია.