თბილისი (GBC) – გლობალური რეცესიების პირდაპირი გავლენის მიღმა, სავაჭრო ურთიერთობების დაძაბვისა და პოლიტიკის გაურკვევლობის გავლენის შესახებ მსოფლიო ბანკი (WB) თავის უახლეს ანგარიშში  “გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ” საუბრობს, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ზრდის 17 წლიან მინიმუმზე დაცემას ელის.  

საფინანსო ინსტიტუტი ანგარიშში აღნიშნავს,  რომ გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შესაძლებელია მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდოს თუ გავლენიანი ქვეყნები შეძლებენ დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების შერბილებას, რაც შეამცირებს პოლიტიკის საერთო გაურკვევლობას და ფინანსურ მერყეობას.

ანალიზი მიუთითებს, რომ თუ დღეს არსებული სავაჭრო დავები  ისეთი შეთანხმებით გადაწყდება, რომელიც  ტარიფების განახევრებას ითვალისწინებს მაისის მეორე ნახევარში არსებულ დონესთან შედარებით, გლობალური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 0.2 პ.პ.-ით უფრო მაღალი იქნება 2025 და 2026 წლების განმავლობაში.

“ფორმირებადი ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა ისარგებლეს სავაჭრო ინტეგრაციით, მაგრამ ახლა გლობალური სავაჭრო კონფლიქტის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ. რეაგირების ყველაზე გონივრული გზა ძალისხმევის გაორმაგებაა ახალ პარტნიორებთან ინტეგრაციის, ზრდაზე ორიენტირებული რეფორმების დაჩქარებისა და ფისკალური მდგრადობის ამაღლების მიმართულებით. სავაჭრო ბარიერების ზრდის და გაურკვევლობის მატების პირობებში, განახლებულ გლობალურ დიალოგსა და თანამშრომლობას  წინსვლის გაცილებით სტაბილური და ნაყოფიერი გზის დასახვა შეუძლია,” - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის მოადგილემ და სამომავლო პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა აიჰან კოსემ.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ მზარდი სავაჭრო ბარიერების ფონზე, განვითარებადი ქვეყნები უნდა ცდილობდნენ გაცილებით ფართო ლიბერალიზაციას სტრატეგიული სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის დამყარებით სხვა ქვეყნებთან, და ვაჭრობის დივერსიფიკაციას, მათ შორის, რეგიონული ხელშეკრულებების მეშვეობით.

სახელმწიფოების შეზღუდული რესურსების და განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით, პოლიტიკის შემმუშავებლებმა აქცენტი უნდა გააკეთონ ადგილობრივი შემოსავლების მობილიზაციაზე, ყველაზე მეტად მოწყვლადი შინამეურნეობებისთვის ფისკალური ხარჯვის პრიორიტეტულობის განსაზღვრასა და ფისკალური ჩარჩოს გაძლიერებაზე.

ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად ქვეყნებს სჭირდებათ ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და დასაქმების პროდუქტიულობის ხელშეწყობა დასაქმებულთა აუცილებელი უნარებით აღჭურვით და შრომის ბაზარზე ისეთი პირობების შექმნით, რომლებიც ეფექტიანად დააკავშირებს ფირმებსა და სამუშაოს მაძიებლებს. გლობალური თანამშრომლობა გადამწყვეტი იქნება ყველაზე მოწყვლადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მხარდასაჭერად მრავალმხრივი ინტერვენციების, კონცესიური დაფინანსებისა და აქტიურ კონფლიქტებში ჩართული ქვეყნებისთვის საგანგებო დახმარების მეშვეობით.