თბილისი (GBC) - ყაზახეთიდან მზარდი ტურისტული ნაკადის და მოთხოვნის გამო, „ეარ ასტანა“ ატირაუ-თბილისის ახალ მიმართულებას ამატებს.
27 მაისიდან AIR ASTANA თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ მიმართულებას იწყებს - ავიაკომპანია ატირაუ-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ატირაუ-თბილისს შორის ავიამიმოსვლის დამატება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოთხოვნა ყაზახი ტურისტების მხრიდან საქართველოს ტურისტულ პროდუქტზე მზარდია.
„ეარ ასტანა“ და „ფლაი არისტანი“ დაფრინავს როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში და ემატება ახალი მიმართულება ატირაუდან“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
2024 წელს ყაზახეთიდან საქართველოს 178 930 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. ყაზახური ავიაკომპანიების წილმა კი ბაზრის 3,9 % შეადგინა.
Air Astana ალმა ათიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონზე, კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს. ოთხშაბათსა და შაბათს ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დღეში ორჯერ იფრენს.
ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმა ათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდზე ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას კვირაში 5-მდე განიხილავს. Air Astana ასევე ივნისიდან განაახლებს ფრენებს თბილისსა და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას შორის კვირაში სამი სიხშირით.
ქუთაისიდან ყაზახეთში ფრენებს 5 ქალაქის მიმართულებით Air Astana-ს შვილობილი ავიაკომპანია დაბალბიუჯეტური FlyArystan ასრულებს. ზაფხულის სეზონზე კი ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით, რეისების რაოდენობა კვირაში 10 სიხშირიდან 17-მდე გაიზრდება. FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასტანადან, ალმათიდან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ახორციელებს.
ატირაუ-თბილისის მიმართულებით ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.airastana.com უკვე შესაძლებელია.