თბილისი (GBC) - სებ-ი საგადახდო მომსახურების მოთხოვნებს ამკაცრებს, მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის, შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით.

ცვლილება შედის ძლიერი ავთენტიფიკაციის და ფინანსური ორგანიზაციების მომსახურებისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში.

სებ-ის ინფორმაციით, ეს ხელს შეუწყობს მოწყვლადი სეგმენტის, >60 წლის მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან.

ახალი რეგულაცია მონიტორინგის მექანიზმებში ზომების დამატებას გულისხმობს, რისი დანერგვის ვალდებულებაც ფინანსურ ორგანიზაციას დაეკისრება, 60 წელს გადაცილებულებზე ზრუნვისთვის. (შესაძლო თაღლითური ქმედების შედეგად ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულების პრევენციისთვის).

კერძოდ, საგადახდო სერვისის პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს (ან სადაც შეუძლებელია, უარი თქვას) მომხმარებლის ინიცირებული ელექტრონული გადახდის ოპერაცია, თუ ის რისკიანია.

რისკიანის კვალიფიკაცია ენიჭება >500 ლარიან ტრანზაქციას; თუ გადახდა დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მ.შ. ონლაინ სავაჭრო ე.წ. „ფორექსთან“, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან თუ გამოვლენილია მომხმარებლისთვის  უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება.

რისკიანი ოპერაციისას პროვაიდერი ვალდებული ხდება დაუკავშირდეს მომხმარებელს, მისი ინფორმირებისთვის. რომ გაანალიზებაში დაეხმაროს და არ გახდეს თაღლითების მანიპულაციის მსხვერპლი. 

რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქცია 48 სთ გახანგრძლივდება. ამასობაში მომხმარებელი ჩამოყალიბდება, როგორ მოიქცეს, გადაიფიქროს თუ დაუდასტუროს მომსახურე ორგანიზაციას თავისი ტრანზაქცია, რომელიც დასრულდება "ზეგ". თუმცა უნდა ყოფილიყო მყისიერი.

სებ-ის ინფორმაციით, შუა ხნის მოქალაქეების კონტროლზე აყვანის და საკუთარი ანგარიშების მართვაზე მონიტორინგის შემცველი რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ,

ახალი წესი სექტემბრიდან ამოქმედდება და ბარათით გადახდებზე გავრცელდება.

"კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის სეგმენტის უფლებების დაცვა, ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს ფინანსურ სექტორში არსებული გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის, ფინანსურ სექტორში ნდობის, სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით.

ეროვნული ბანკი სამომავლოდაც განაგრძობს თაღლითობის რისკების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, მოახდენს ეფექტიან რეაგირებას".