თბილისი (GBC) - Bank of Georgia Group PLC (BOGG) მისი სომხური შვილობილის, Ameriabank CJSC-ის მიერ, ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB Global) €105 მლნ-იანი სესხის გაფორმებაზე აცხადებს.
ტრანზაქციის მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს (MSME) და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს განხორციელდეს ინვესტიციები, გაუმჯობესდეს კონკურენტუნარიანობა და დაინერგოს უფრო მწვანე და მდგრადი ბიზნეს პრაქტიკები. სესხის მინიმუმ 20% მიმართული იქნება მწვანე ინვესტიციებისკენ, ხოლო დაფინანსების ნაწილი ადგილობრივ ვალუტაში გაიცემა, რათა ისინი დაცულები იყვნენ სავალუტო რისკებისგან.
„მოხარული ვართ, EIB-სთან თანამშრომლობით, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება სომხეთის MSME-ების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს თანამშრომლობა ადგილობრივ ბიზნესებს მიაწვდის ხელმისაწვდომ დაფინანსებას, რაც საშუალებას მისცემს მათ სრულად გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ სომხეთის ეკონომიკის ზრდაში. როგორც სომხეთის ეკონომიკის ყველაზე მსხვილი კრედიტორი, ჩვენი მტკიცე პორტფოლიოთი მწვანე და მდგრადი დაფინანსების მიმართულებით, დარწმუნებულნი ვართ, რომ შეგვიძლია შევქმნათ უფრო მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური მომავალი სომხეთში“, - აცხადებს Ameriabank-ის ფინანსური დირექტორი, ჰოვჰანნეს ტოროიანი.
ვასილის მარაგოსი, ევროკავშირის ელჩი სომხეთში: „ამ მხარდაჭერით სომხეთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას, რომ გავაძლიეროთ სომხეთის კერძო სექტორი და ხელი შევუწყოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაჭრას, მათ შორის ადგილობრივ ვალუტაში. ეს დახმარება წარმოადგენს სომხეთისთვის განკუთვნილ ევროპის საინვესტიციო გეგმის (EIP) ნაწილს, რომელიც ყოვლისმომცველი ინიციატივაა და მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, მდგრადი განვითარების და კეთილდღეობის ხელშეწყობას.“
„როგორც ქვეყნის წამყვანი საბანკო ფრანჩაიზი, Ameriabank აქტიურად ეძებს დაფინანსებას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, რათა გააძლიეროს ბიზნესი და მიიღოს დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენა სომხეთში“, - აღნიშნა BOGG-ის CEO-მ, არჩილ გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, Ameria-მ სამი კვირის წინ, $200 მლნ-იანი სასესხო შეთანხმება მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) გააფორმა. სესხის ნახევარი განკუთვნილია კლიმატის დაფინანსების პროექტებისთვის, მეოთხედი - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME), ხოლო კიდევ მეოთხედი - ქალებზე მართული MSME-ებისთვის.