თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $278 514 900 შეადგინა, რაც $46 000–ით აღემატება მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს ($278 468 900).

ქვეყნების ჭრილში თუ განვიხილავთ, ფულადი გზავნილების მოცულობით პირველ ადგილს კვლავ რუსეთის ფედერაცია ინარჩუნებს – $49 129 400, თუმცა, ამ ქვეყნიდან შემოსული გზავნილები ბოლო თვეებში სტაბილურად მცირდება. მაგალითად, თუ იანვარში რუსეთიდან $67,6 მლნ ჩაირიცხა, თებერვალში ამ მაჩვენებელმა $54,6 მლნ შეადგინა, მარტში კი $52,9 მლნ იყო.

ფულადი გზავნილების მოცულობის სიდიდით მეორე ადგილზეა აშშ, საიდანაც აპრილში საქართველოში $46,3 მლნ შემოვიდა. ეს მოცულობა თითქმის $2 მლნ–ით აღემატება მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მესამე ადგილზეა იტალია, საიდანაც აპრილში $45,8 მლნ შემოვიდა, მეოთხე ადგილს საბერძნეთი იკავებს $21,9 მილნ–ით, ხუთეულს კი გერმანია კრავს $20,7 მლნ–ით.

საანალიზო პერიოდში საქართველოდან განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა ჯამში $30,4 მლნ შეადგინა. შესაბამისად, ფულად გზავნილებში დადებითი ბალანსი $248 მლნ–ს შეადგენს.