თბილისი (GBC) – Lion Finance Group PLC-ის (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) CEO-ს არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ჯგუფის ძირითადმა ბაზრებმა მოსალოდნელზე ძლიერი ზრდა და მდგრადობა აჩვენა.
„ჩვენმა ძირითადმა ბაზრებმა - საქართველომ და სომხეთმა, მოსალოდნელზე უფრო ძლიერი ზრდა და მდგრადობა აჩვენეს. 2025 წლის მეორე კვარტალში, ეროვნული სტატისტიკის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 7.1%-ით გაიზარდა (y.y), რასაც განაპირობებდა ძლიერი გარე შემოსავლები და მყარი შიდა მოთხოვნა, ხოლო სომხეთში დაფიქსირდა საშუალო 8.1%-იანი ზრდა, რაც ძირითადად შიდა მოთხოვნამ განაპირობა”, - აცხადებს ჯგუფის CEO.
შესაბამისად, მისივე თქმით, ჯგუფმა გადახედა ორივე ქვეყნის 2025-ის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზებს და საქართველოსთვის 7.5% (წინა პროგნოზის 6.8%-ის ნაცვლად), ხოლო სომხეთისთვის 5% (წინა 4.5%-ის ნაცვლად) ივარაუდეს.
მისივე თქმით, საქართველოში ძლიერი შემოდინებების შედეგად სებ-მა 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში $1 მლრდ-ზე მეტი შეიძინა, რამაც საერთაშორისო რეზერვები $5 მლრდ-მდე გაზარდა, ხოლო მთავრობა აგრძელებდა უცხოურ ვალუტაში ნომინირებული ვალის შემცირებას.
„მყარ ეკონომიკურ საფუძვლებთან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის ისტორიული შეთანხმების ხელმოწერა წარმოადგენს პოზიტიურ სიგნალს, რაც შესაძლოა ხელს უწყობდეს ახალ რეგიონულ ინვესტიციებსა და განვითარებას, რითაც მთლიან ეკონომიკურ პერსპექტივას გააძლიერებს. ველით, რომ ეს დამატებით სტიმულს მისცემს ჩვენს ოპერაციებს“, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.
სებ-ის მონაცემებით, 2025 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $331.3 მლნ-ით გაიზარდა და $5 მლრდ-ს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, ივნისში BMatch პლატფორმაზე სებ-მა $266 მილიონი შეისყიდა (წმინდა შესყიდვა). რაზეც რეგულატორმა 25 ივლისსაც განაცხადა, როცა სავალუტო ოპერაციების ცხრილი განაახლა.
მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $101.7 მლნ
აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $266.4 მლნ
მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $245.4 მლნ
ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $266 მლნ
სებ-ის წმინდა შესყიდვებმა სავალუტო რეზერვების $400 მლნ-მდე ზრდა განაპირობა. ივლისის ნავაჭრი 25 აგვისტოს გაცხადდება, ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.