თბილისი (GBC) - ირლანდიურმა ჰეჯ ფონდმა Helikon Long Short Equity Fund Master ICAV-მა Bank of Georgia Group PLC-ის (BOGG) 2,224,828 აქცია სვოპით შეისყიდა, რაც ჯგუფის 5.0163%-ს წარმოადგენს. 

სვოპ პოზიციები ფონდმა სამ ტრანშად იყიდა, საიდანაც 1.2269%-იან წილზე ქეშ გარიგება მოკლევადიანი, 2026 წლის 30 იანვრამდე მოქმედებს, ხოლო 3.7894% (1.9809%+1.8085%) კი გრძელვადიანი გარიგებაა რომელიც 2027 წლის 16 ნოემბრამდე მოქმედებს.
ტრანზაქცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 29 იანვარს დასრულდა.

ე.წ Cash Settled Equity Swap-ის ტრანზაქციით, ფონდი  Bank of Georgia Group PLC-ის აქციებზე  ფლობს სვოპის პოზიციას, თუმცა არ ახდენს მათ ფიზიკურ შესყიდვას. ნაცვლად ამისა, ფონდი და პარტნიორი მხარე განიხილავენ საფასო სხვაობას და გადაიხდიან მხოლოდ თანხას, რომელიც აქციების ფასის ცვლილებიდან გამომდინარეობს.

Equity Swap არის შეთანხმება ორ მხარეს შორის, სადაც ერთი მხარე იღებს სარგებელს აქციების ფასის ზრდიდან (long პოზიცია), ხოლო მეორე მხარე იღებს სარგებელს აქციების ფასის დაცემიდან (short პოზიცია).

Cash Settled კი ნიშნავს, რომ არ ხდება ფიზიკური აქციების გაცვლა. გარიგების დასრულებისას ხდება მხოლოდ თანხის გადახდა, რომელიც ეფუძნება აქციების ღირებულების ცვლილებას.

Helikon Long Short Equity Fund Master ICAV ირლანდიის ბაზარზე რეგისტრირებული Hedge ფონდია, რომელიც აქციების ბაზარზე ე.წ "long" და "short" სტრატეგიებს იყენებს. მისი მიზანი ბაზრის მიმართულებისგან დამოუკიდებლად, სარგებლის მიღებაა. ფონდი ინვესტიციებს ახორციელებს გლობალურ აქციებში და აქტიურად მართავს პორტფელს. ფონდის ძირითადი აქტივები მოიცავს სხვადასხვა სექტორების აქციებს, როგორებიცაა ტექნოლოგიები, ჯანმრთელობის სერვისები, ფინანსები, ენერგეტიკა და სხვა, ხოლო მისი პორტფელი ხშირად მოიცავს როგორც გრძელ, ისე მოკლე პოზიციებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფონდი ირლანდიის ცენტრალური ბანკის მიერ რეგულირდება, როგორც ღია ტიპის ფონდი და შეზღუდული ლიკვიდობა გააჩნია.