თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) საქართველოში მწვანე დაკრედიტებას უწყობენ ხელს და $25 მლნ-ის (23.04 მლნ ევრო) ფინანსური პაკეტი დააორგანიზეს TBC ბანკისთვის. 

ეს არის მეორე დაფინანსება, რომელიც EBRD-მა TBC-ს მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ფონდის (GEFF) რეგიონული ჩარჩოს ფარგლებში მისცა. EBRD უზრუნველყოფს სესხის 75%-ს, ხოლო GCF დარჩენილ 25%-ს აფინანსებს.

TBC თანხას ქართველი ფიზიკური პირებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად მიმართავს, რომლებსაც სურთ ინვესტიციები განახორციელონ კლიმატის შერბილებისა და ადაპტაციის ტექნოლოგიებსა და სერვისებში. ის ასევე მიზნად ისახავს გასცეს ინკლუზიური სესხები და თანხების მინიმუმ 10%-ს ქალების ხელმძღვანელობით ან მფლობელობაში მყოფი ბიზნესებისთვის გამოყოფს (საცალო კლიენტები, მცირე და საშუალო საწარმოები და უფრო დიდი კომპანიები).

ფინანსური პაკეტის ფარგლებში ავსტრია და GCF მხარს დაუჭერენ პროექტის მომზადებას, განხორციელებას და მონიტორინგს. თანხები ასევე მოხმარდება გენდერული პასუხისმგებლობის მქონე მწვანე ფინანსების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

სასესხო ხელშეკრულებას EBRD-ის 2024 წლის ყოველწლიურ შეხვედრაზე ერევანში ხელი მოაწერა ფრენსის მალიგემ, EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა, რომლის განცხადებითაც, მწვანე დაკრედიტებაში ინვესტირება არამხოლოდ კლიმატის ცვლილების შერბილება, არამედ საქართველოს მდგრადი მომავლის უზრუნველყოფაა.

TBC-ის გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი მეგრელიშვილის განცხადებით, უფრო ინკლუზიური, უფრო მწვანე ეკონომიკური სექტორი გადამწყვეტია საქართველოს ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარებისა და მდგრადობისთვის.

რესურსი უახლესი პროექტია საქართველოში GEFF პროგრამის ფარგლებში, რომელიც 29 ქვეყანაში 191 ადგილობრივი ბანკის ქსელის მეშვეობით ფუნქციონირებს, EBRD-ის 6.3 მლრდ ევროს მხარდაჭერით. პროგრამამ 231,000-ზე მეტ კლიენტს საშუალება მისცა თავიდან აიცილონ 10 მლნ ტონაზე მეტი CO2-ის გამონაბოლქვი წელიწადში.

დღეისათვის EBRD-მა განახორციელა თითქმის 5.3 მლრდ ევროს ინვესტიცია 296 პროექტში საქართველოს ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ამ ინვესტიციების 83% კი კერძო სექტორშია.