თბილისი (GBC) – ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრაზე იმსჯელეს, როგორ ვითარდება ენერგეტიკა რეგიონში და რა როლი აქვს ბიზნესისა და ფინანსური ინსტიტუტების პარტნიორობას ამ პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განახლებად ენერგიას - მონაწილეებმა განიხილეს როგორც საერთაშორისო გამოცდილება, ისე საქართველოს ბაზრის გამოწვევები.
ღონისძიება პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს მოიცავდა: EBRD-მ ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დღემდე 890 მილიონი ევროს განხორციელებულ ინვესტიციაზე, რომლის 61% კერძო სექტორზე მოდის. ბანკის მიმდინარე ენერგეტიკული პორტფელი საქართველოში დაახლოებით 600 მილიონ ევროს შეადგენს. ღონისძიებაზე თიბისი კაპიტალმა ქარის ენერგიასთან დაკავშირებული გლობალური და რეგიონალური განვითარებები წარადგინა, ხოლო გალტ & თაგარტმა კავკასიაში ენერგეტიკული ბაზრის განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა.
პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, წამყვანი ენერგეტიკული და საინვესტიციო კომპანიები რეგიონიდან, მათ შორის: სელიმ გიუვენი – ACWA Power-ის გენერალური დირექტორი აზერბაიჯანსა და თურქეთში. ACWA Power მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, გლობალური პორტფელით დაახლოებით 80–95 გიგავატი. რეგიონში მას ეკუთვნის 240 მეგავატიანი ხიზი-აბშერონის ქარის ელექტროსადგური (აზერბაიჯანი) და თურქეთში 5 გიგავატიანი განახლებადი ენერგიის მზის პანელების პროექტი. პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა ეპიტაციო მირანდა – Actis-ის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ვიცე-პრეზიდენტი.
„უკვე სამ ათწლეულზე მეტია, EBRD საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და აფინანსებს განახლებადი ენერგიის პროექტებსა და გადამცემ ინფრასტრუქტურას, რათა სექტორი გახდეს მდგრადი, უსაფრთხო და სტაბილური. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს განახლებადი ენერგიის ღირებულებათა სრულ ჯაჭვს - დაწყებული დიდი და მცირე ჰიდროელექტროსადგურებით, გაგრძელებული საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის დაფინანსებით. ახლა კი ვაფინანსებთ ყველაზე დიდ, 206 მეგავატიან, რუისის ქარის ელექტროსადგურს. ასევე ვგეგმავთ სხვა მსხვილი მოცულობის ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურების დაფინანსებას უახლოეს წლებში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი როლი ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაში, მათ შორის, მნიშვნელოვანი გადამცემი ხაზების პროექტების მეშვეობით, რომლებმაც ხელი შეუწყო საქართველოს ინტეგრაციას ელექტროენერგიის რეგიონულ ბაზრებთან, გააუმჯობესა მიწოდების საიმედოობა და გახსნა კერძო ინვესტიციების გზა განახლებადი ენერგიის სფეროში. ლოკალურ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კვლავ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ კერძო სექტორს ენერგეტიკული სისტემის უფრო მწვანე, მდგრად და კონკურენტუნარიანად გარდაქმნაში“, - ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი.
(R)