თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე მუშაობას განაგრძობს და მდგრადი დაფინანსების მეორე გზამკვლევს აქვეყნებს. ეს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი სამოქმედო გეგმა, ფინანსურ სექტორში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრაციის ხელშეწყობას, კლიმატის ცვლილებასთან და სხვა ESG ფაქტორებთან დაკავშირებული ფინანსური რისკების მართვის გაუმჯობესებას და საქართველოს დაბალ ნახშირბადიან და მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პირველი გზამკვლევის (2019–2024) მიღწევებზე დაყრდნობით, რომელმაც საქართველოში მდგრადი ფინანსებისთვის მყარი საფუძველი შექმნა, მეორე გზამკვლევი (2025-2028) ფოკუსირებულია მარეგულირებელი ჩარჩოს შემდგომ გაძლიერებაზე არსებული რეგულაციების, სახელმძღვანელოებისა და ინსტრუმენტების განახლების, გაუმჯობესებისა და გაძლიერების გზით. ის ასევე ხაზს უსვამს ფინანსური სექტორის მიერ რეგულაციების დანერგვის მონიტორინგს, შესაბამისობის შეფასებას, ხარვეზების იდენტიფიცირებასა და უწყვეტი გაუმჯობესებისთვის უკუკავშირის უზრუნველყოფას.

საქართველოს მდგრადი დაფინანსების მეორე გზამკვლევი ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის გერმანულ ფონდ შპარკასეს (DSIK), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN), კონსულტაციების შედეგად შეიქმნა.

მდგრადი დაფინანსების მეორე გზამკვლევი ყველა იმ შესაძლო ღონისძიებას აერთიანებს, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია ეროვნული ბანკის მიერ საქართველოში მდგრადი დაფინანსების განვითარებისთვის. გზამკვლევი მოიცავს ექვს მიმართულებას, რომლებიც თავის მხრივ, დაყოფილია ძირითად და დამხმარე მიმართულებებად. ძირითადი პილარები რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას აერთიანებს, როგორიცაა ESG საკითხების (კლიმატისა და ბუნებასთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით) ჩართვა ფინანსური ინსტიტუტების რისკების მართვის ჩარჩოსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში; გამჭვირვალობისა და შესადარისი ანგარიშგების უზრუნველყოფა; კაპიტალის ნაკადების მდგრადი აქტივობებისკენ მიმართვის მხარდაჭერა; და მდგრადობის პრინციპების ჩართვა საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა ოპერაციებსა და სამუშაო პროცესებში. დამხმარე პილარები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა მდგრადი დაფინანსების შესახებ ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება; და პოლიტიკის შესაბამისობისა და ცოდნის გაზიარების უზრუნველსაყოფად ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება.

მდგრადი ფინანსების მეორე გზამკვლევი განიხილა და დაამტკიცა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა.

"მდგრადი დაფინანსების მეორე გზამკვლევი მნიშვნელოვანი ეტაპია ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების პროცესში. მარეგულირებელი ინსტრუმენტების გაძლიერებით, გამჭვირვალობის ხელშეწყობითა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ESG ფაქტორების ინტეგრაციის მხარდაჭერით, ჩვენი მიზანია საქართველომ საერთაშორისო დონეზე მოწინავე პოზიცია შეინარჩუნოს. ეს გზამკვლევი ხაზს უსვამს ჩვენს მისწრაფებას მდგრადი ფინანსების განვითარებისა და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის, ინოვაციურობისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიმართულებით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

გზამკვლევი, საბაზრო პირობების, ახლად წარმოქმნილი რისკებისა და მდგრადი ფინანსების გლობალური ტენდენციების ასახვის მიზნით, პერიოდულად გადაიხედება და განახლდება.